არჩევნები 2021

TI: მიშელის დოკუმენტის დარღვევით ცესკოს დაკომპლექტება გააღრმავებს მათ მიმართ უნდობლობას

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო პარლამენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესს ეხმაურება. TI-ის მიაჩნია, რომ პროცესი მომავალ კვირას პარლამენტის უბრალო უმრავლესობით, 76 ხმით მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სამი კანდიდატის არჩევით დასრულდება, რაც ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს (დამტკიცებისთვის საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის ⅔ ან ⅗) და ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების დოკუმენტის სულისკვეთებას.

"ხელისუფლების მიზანი არ არის ამ მნიშვნელოვანი თანამდებობების პოლიტიკური კონსენსუსით დაკომპლექტება. აქედან გამომდინარე, კვლავ პრობლემური დარჩება ცესკოს მიმართ პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრის და საზოგადოების მხრიდან ნდობის საკითხი". – ნათქვამია განცხადებაში. 

ორგანიზაციის ცნობით, ასეთი შედეგის დადგომის ვარაუდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქართულმა ოცნებამ მიშელის დოკუმენტის გვერდის ავლით მიიღო ისეთი რეგულაცია, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარის და წევრების 76 ხმით არჩევის შესაძლებლობა გაამარტივა. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის საბოლოო რედაქციით შემცირდა დროის ის ხანგრძლივობა, რაც შეთანხმების დოკუმენტით იყო გათვალისწინებული კანდიდატების დამტკიცებისთვის პოლიტიკური კომპრომისის მისაღწევად. დოკუმენტის თანახმად, თითოეულ კენჭისყრას შორის 4-კვირიანი შუალედი უნდა ყოფილიყო, რომელიც საბოლოოდ კანონით 1 კვირამდე შემცირდა.

"ამ ქმედებამ მმართველ პარტიას, ფაქტობრივად, მოუხსნა იმის საჭიროება, რომ შეთანხმება მიეღწია სხვა პარტიებთან. ეს ვარაუდი კიდევ უფრო გაამყარა პრეზიდენტის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის შემადგენლობამ, რომელმაც საბოლოოდ ისეთი კანდიდატების წარდგენას დაუჭირა მხარი, რომელთაც არც საარჩევნო საკითხებზე მომუშავე წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მისცეს ხმა და არც საპარლამენტო ოპოზიციამ. სამივე კანდიდატი ცესკოს მოქმედი თანამშრომელია, რომელთაც გასაუბრების დროს ძალიან გაუჭირდათ, ცესკოს წარსული საქმიანობის კრიტიკულად შეფასება". – ვკითხულობთ განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე და შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევით, ცესკოს დაკომპლექტება კიდევ უფრო გააღრმავებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უნდობლობას, რაც უარყოფითად აისახება ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოზე და ეჭვქვეშ დააყენებს იმ მოლოდინს, რომ საარჩევნო პროცესები სამართლიან და კონკურენტულ გარემოში წარიმართება.

26 ივლისს პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე ვერც მესამე კენჭისყრის შედეგად აირჩია. ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 7-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. ცესკო-ს თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატს, გიორგი სანტურიანს 3-მა მხარი დაუჭირა, ხოლო 8 დეპუტატი წინააღმდეგი იყო.

პირველი კენჭისყრა 18 ივლისს გაიმართა, თუმცა მაშინაც საჭირო ხმები ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. გიორგი კალანდარიშვილს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რვამ კი ხმა წინააღმდეგ მისცა. მეორე კანდიდატ გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა ორმა დეპუტატმა, ათი კი წინააღმდეგი იყო.

მეორე კენჭისყრა 22 ივლისს გაიმართა, თუმცა  კანდიდატებმა პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის დროს საჭირო მხარდაჭერა კვლავ ვერ მიიღეს. ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 11-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა. მეორე კანდიდატ გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა 4-მა დეპუტატმა, 11 კი წინააღმდეგი იყო.

თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან გადადგა, მაშინ, როდესაც რამდენიმე დღით ადრე, 22 ივნისს ამბობდა, რომ გადადგომას არ აპირებდა. 

კომენტარები