ცესკო

პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე  ვერც მესამე კენჭისყრის შედეგად აირჩია

პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე ვერც მესამე კენჭისყრის შედეგად აირჩია.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 7-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. 

ცესკო-ს თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატს, გიორგი სანტურიანს 3-მა მხარი დაუჭირა, ხოლო 8 დეპუტატი წინააღმდეგი იყო.

პირველი კენჭისყრა 18 ივლისს გაიმართა, თუმცა მაშინაც საჭირო ხმები ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. გიორგი კალანდარიშვილს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რვამ კი ხმა წინააღმდეგ მისცა. მეორე კანდიდატ გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა ორმა დეპუტატმა, ათი კი წინააღმდეგი იყო.

მეორე კენჭისყრა 22 ივლისს გაიმართა, თუმცა  კანდიდატებმა პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის დროს საჭირო მხარდაჭერა კვლავ ვერ მიიღეს. ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 11-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა. მეორე კანდიდატ გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა 4-მა დეპუტატმა, 11 კი წინააღმდეგი იყო.

საარჩევნო კოდექსის ახალი ცვლილებით, თითოეული მათგანის დასამტკიცებლად ხმების 2/3, ანუ, სულ მცირე, 100 ხმაა საჭირო, რასაც მმართველი გუნდი ოპოზიციის გარეშე ვერ აგროვებს.

თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან გადადგა, მაშინ, როდესაც რამდენიმე დღით ადრე, 22 ივნისს ამბობდა, რომ გადადგომას არ აპირებდა. 

კომენტარები