ჟურნალისტებზე ძალადობა

მეუფე სპირიდონი 5 ივლისზე: კიდევ კარგად გადარჩით იმ დღეს და ჩვენ ვართ მოძალადეები?!

სხალთის მიტროპოლიტი, მეუფე სპირიდონი 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე პასუხისმგებლობას საელჩოებს და ოპოზიციურ პარტიებს აკისრებს. მისი თქმით,  ხელისუფლების და ეკლესიის გაფრთხილება პრაიდის ორგანიზატორებმა არ გაითვალისწინეს. 

"არეულობა გამოიწვია ჰომოსექსუალების ძალმომრეობამ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება და ეკლესია აფრთხილებდა, არ გააკეთოთ ეს, არ დაიწყოთ, არ გაამწაროთ ქართველი ხალხი, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს არეულობას და მწვავე რეაქციას - არ დაიჯერეს, წააქეზეს დასავლეთის, ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის გერმანიის და ა.შ საელჩოებმა და აჰყვა მათ 15 პარტია, ეშმაკზე მიყიდული და აგერ, თქვენ იცით, რაც მოხდა და მერე ქართველებს დააბრალეს მოძალადეები ხართო".- ამბობს მეუფე სპირიდონი ქადაგებისას. 

მისივე თქმით, ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში მახვილითა და სისხლით იცავდა ქართულ სიწმინდეებს და 5 ივლისს დაშავებულები "კიდევ კარგად გადარჩნენ". 

"კიდევ კარგად გადარჩით იმ დღეს და ჩვენ ვართ მოძალადეები? მოძალადეები თქვენ ხართ, შვილო. თქვენი წამქეზებელი 15 პარტია, საელჩოები და მთელი დასავლეთი". - აღნიშნავს მეუფე სპირიდონი. 

მეუფე სპირიდონი კვლავ ანტიდასავლური მოწოდებებს ქადაგებს და ამბობს, რომ დასავლეთი და აშშ ქვეყანას წამლავს. 

"მანამდე არ იქნება საქართველოს საშველი, სანამ ბილწების მოქმედება, ეს ევროკავშირია თუ რა ჯანდაბაა, ამერიკის საელჩო, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, სანამ ესენი საქართველოში იქნებიან, მანამდე საქართველოს საშველი არ იქნება, იმიტომ რომ ისინი წამლავენ და რყვნიან საქართველოს". - ამბობს მეუფე სპირიდონი. 


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.


TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. 

ლაშქარავასგარდაცვალების გამო პარლამენტთან რამდენიმე აქცია გაიმართა.  ორგანიზატორები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. 

კომენტარები