ჟურნალისტებზე ძალადობა

მთავარი არხის ჯგუფს ხელი შეუშალეს – აგვისტოში მომხდარი ინციდენტისთვის 2 პირს ბრალი წარედგინა

მთავარი არხი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მთავარი არხის თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ  2023 წლის 26 აგვისტოს, ტელეკომპანია მთავარი არხის ჟურნალისტი ემა გოგოხია და ოპერატორი ნიკა გვალია მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში მდებარე ხე-ტყის გადამამუშავებელი ერთ-ერთი საამქროს ტერიტორიაზე სიუჟეტის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ. რა დროსაც ბრალდებულები მთავარი არხის თანამშრომლებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ და ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს.

აღნიშნული ქმედებით, ემა გოგოხიას და ნიკა გვალიას პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალათ" - აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ ორივე მხილებულ პირს ბრალდება პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე წარედგინა - სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია).

მთავარი არხის ინფორმაციით, მესტიაში, სოფელ ხაიშში, მათ ჟურნალისტ ემა გოგოხიასა და ოპერატორს თავდამსხმელებმა კამერა, მიკროფონი, გადამცემი და პირადი ტელეფონი წაართვეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფაც. 

ემა გოგოხიას თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ერთ-ერთ საამქროში უკანონოდ მოჭრილი ხეების კადრებს იღებდნენ. მისივე ინფორმაციით, თავს 12-მდე ადამიანი დაესხათ. 

"თავდამსხმელებს შორის არიან ის პირები, რომლებიც წარსულშიც ხის ჭრის თემის გადაღებისას თავს დაგვესხნენ. მაშინ პოლიციამ გამოავლინა ეს პირები, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. დღეს ისინი თავს მეორედ დაგვესხნენ. ოპერატორი კარებთან მიამწყვდიეს და კამერა წაართვეს ხელიდან, მიკროფონი და ტელეფონი წამართვეს ასევე გადამცემი.

მაინც მოვახერხე 112-ისთვის დამერეკა, განწირულად შველას ვითხოვდი და 112 მეკითხებოდა რა უბანია და სიტუაცია აღმიწერე რა ხდებოდაო, ამის საშუალებას არ მაძლევდნენ, ერთადერთი ვითხოვე ოპერატორისთვის ხელი არ დაერტყათ... დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში ცალ-ცალკე ალყაში ვყავდით. მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ პოლიცია გამოვიძახეთ, ტექნიკა დაგვიბრუნეს იმ პირობით, რომ მასალას წავშლიდით. შემდეგ ოპერატორს დაემუქრნენ, რომ თუ მასალას გავუშვებდით, საქმეს გაგვირჩევდნენ". - ამბობდა გოგოხია აგვისტოში.

კომენტარები