ავღანეთი

თალიბანის შესაჩერებლად ავღანეთის მთავრობამ ქვეყანაში კომენდანტის საათი დააწესა

  GETTY IMAGES

ავღანეთის მთავრობამ თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი დააწესა. გადაწყვეტილების მიზანია, თალიბანს ტერიტორიის დაკავებასა და ქალაქების აღებაში ხელი შეუშალოს.

ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, "ძალადობის აღმოსაფხვრელად და თალიბანის გადაადგილების შეზღუდვისთვის" კომენდანტის საათი 31 პროვინციაში დაწესდება, გამონაკლისი ქაბული და პროვინციები – პანჯშირი და ნანგარჰარი იქნება.

კომენდანტის საათი 22:00-დან 4:00-საათამდე იმოქმედებს. დედაქალაქ ქაბულის და კიდევ ორი პროვინციის გარდა, დროის ამ მონაკვეთში გადაადგილება მთლიანად იკრძალება.

ბოლო ორი თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ავღანეთიდან საერთაშორისო სამხედრო ძალების გაყვანა დაიწყო, თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის დაპირისპირება გამწვავდა.

სამხედრო დაჯგუფებამ ქვეყნის ტერიტორიის თითქმის ნახევარი ჩაიგდო ხელში. 


აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. 

თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან ბევრად უფრო ადრე სრულდება. 

პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, უერთდება ავღანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბანთან ბრძოლისთვის ემზადება, თუკი ეს საჭირო გახდება.

კომენტარები