ავღანეთი

სერგეი ლავროვმა ავღანეთში თალიბების ქმედებები შეაქო და მათ გონიერი ხალხი უწოდა

სერგეი ლავროვი, ავღანეთის მთავრობისა და თალიბანის წარმომადგენლები
ფოტო: CNN.COM

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ავღანეთში თალიბანის ქმედებები შეაქო და მოძრაობის წევრებს "გონიერი ხალხი" უწოდა

"განცხადება, რომელზეც მე ვსაუბრობ, ძალიან მნიშვნელოვან სიგნალს აგზავნის, რომ თალიბები საღი აზრის, გონიერი ხალხია".   

ლავროვმა ავღანეთის მთავრობა, რომელსაც აშშ უჭერდა მხარს, ძალაუფლების გადანაწილებისთვის საჭირო მოლაპარაკებების შეფერხებაში დაადანაშაულა.

გარდა ამისა, მან მხარეებს შეთანხმების პროცესის დაჩქარებისაკენ მოუწოდა, რადგან, ლავროვის შეფასებით, "ამჟამინდელი გაურკვეველი სიტუაციის შენარჩუნება და გაგრძელება არასწორია". 

მიუხედავად დამოკიდებულების ცვლილებისა, შეკითხვაზე, აპირებს თუ არა რუსეთი თალიბანის ტერორისტული დაჯგუფებების სიიდან ამოღებას, კრემლიდან ცალსახა პასუხი ჯერაც არ ისმის. 

"მართლაც, თალიბანის მოძრაობა ავღანეთში სერიოზული და საკმაოდ ძლიერი ძალაა. 

რაც შეეხება მისი ტერორისტული ორგანიზაციებიდან ამოღების საკითხს, ამ მიმართულებით არავითარი სიახლე არ არის, თუკი რაიმე შეიცვლება, შეგატყობინებთ". – თქვა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

ამჟამინდელი მდგომარეობით, თალიბანი და ისლამური სახელმწიფო რუსეთში აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციების სიაში რჩებიან. 


აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. 

თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან ბევრად უფრო ადრე სრულდება. 

პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, უერთდება ავღანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბანთან ბრძოლისთვის ემზადება, თუკი ეს საჭირო გახდება.


რუსეთის ფედერაციის სამხედრო ტექნიკა და სამხედროები ტაჯიკეთში, ავღანეთის საზღვართან ახლოს განლაგდნენ

ავღანეთში დაძაბულობის ზრდის პარალელურად, რუსეთი 5 აგვისტოდან 10 აგვისტომდე ტაჯიკეთთან და უზბეკეთთან ერთად ჰარბ-მაიდონის საწვრთნელ პოლიგონზე ვარჯიშებს ჩაატარებს. ეს ლოკაცია ავღანეთის საზღვართან იმყოფება. საზღვრის ამ პერიმეტრზე თალიბანს ავღანეთის სამთავრობო ძალებთან შეტაკებები ჰქონდა. რუსული დანაყოფები ტაჯიკეთში მყოფი რუსული ბაზიდან დაიძრნენ. 

რუსეთის მხრიდან, ტაჯიკეთის ბაზის სამხედროების გარდა, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური სამხედრო რაიონის დანაყოფებიც.

რუსეთის ცენტრალური სამხედრო რაიონის გენერალმა, ალექსანდრე ლაპინმა თქვა, რომ ვარჯიშები იმისთვის ტარდება, რათა დაამარცხონ უკანონო დაჯგუფებები, რომლებიც მოკავშირე ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

პარალელურად, 30 ივლისიდან 10 აგვისტომდე ერთობლივი ვარჯიშები ჩატარდება უზბეკეთშიც, ასევე ავღანეთის საზღვრის მახლობლად. წვრთნებში 1500 რუსი და უზბეკი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. ჩართული იქნებიან რუსეთის ცენტრალური სამხედრო რაიონის დანაყოფები და რუსული ავიაცია. ვარჯიში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, "ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ტერიტორიული ერთიანობისთვის" იმართება. 

კომენტარები