ავღანეთი

ავღანეთის პრეზიდენტის სასახლესთან, ლოცვების დროს, რაკეტები ჩამოვარდა [VIDEO]

ავღანეთში, ქაბულში პრეზიდენტი აშრაფ ღანის სასახლესთან მინიმუმ სამი რაკეტა ჩამოვარდა. თავდასხმის დროს, სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იდ ალ ადჰას დღესასწაულის ლოცვა ღია ცის ქვეშ მიმდინარეობდა. 

ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, რაკეტები სასახლის გარეთ ჩამოვარდა და არავინ დაშავებულა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანს არ აუღია.

ერთ-ერთმა ავღანურმა მედიამ გაავრცელა კადრები, თუ როგორ ისმის ლოცვის დროს აფეთქების ხმები. აფეთქებების მიუხედავად, სასახლის ტერიტორიაზე ლოცვის პროცესი გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი აშრაფ ღანი სიტყვით გამოვიდა. 

პრეზიდენტის სასახლისთვის რაკეტები აქამდეც დაუმიზნებიათ. ბოლო შემთხვევა 2020 წლის დეკემბერში მოხდა.

აღსანიშნავია, რომ წელს იდ ალ ადჰას დღესასწაულზე, წინა წლებისგან განსხვავებით, თალიბანს ცეცხლის შეწყვეტა არ გამოუცხადებია. 

გასულ დღეებში ავღანეთის მთავრობა და თალიბანი, დოჰას სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.


აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. 

თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან ბევრად უფრო ადრე სრულდება. 

პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, უერთდება ავღანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბანთან ბრძოლისთვის ემზადება, თუკი ეს საჭირო გახდება.

კომენტარები