ავღანეთი

ავღანეთის მთავრობა და თალიბანი მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

კატარში, ქალაქ დოჰაში მიმდინარე ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ ავღანეთის მთავრობა და თალიბანი შეთანხმდნენ, რომ ისინი სამშვიდობო მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ერთმანეთს კიდევ შეხვდებიან. ამის შესახებ მათ ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნეს. 

მიმდინარეო მოლაპარაკებებს ფაქტობრივად არანაირი შედეგი არ ჰქონია. დასკვნაში საუბარი არაა ცეცხლის შეწყვეტაზე. 

"ორივე მხარე მონდომებულია მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის, მანამ, სანამ შეთანხმება არ იქნება მიღწეული". – წერია განცხადებაში. 

უკვე რამდენიმე თვეა, რაც დოჰაში ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის მოლაპარაკებები იმართება, მაგრამ, ჯერჯერობით, ამ სამშვიდობო პროცესს შედეგი არ გამოუღია. მოლაპარაკებების პარალელურად თალიბანი არ წყვეტდა ავღანეთის სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე თავდასხმებს.


აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. 

თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან ბევრად უფრო ადრე სრულდება. 

პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, უერთდება ავღანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბანთან ბრძოლისთვის ემზადება, თუკი ეს საჭირო გახდება.

კომენტარები