ოპოზიცია

დეკანოიძე ხაზარაძეს: სამართალდამცავი უწყებები არცერთი პოლიტიკური ძალის ხელში არ უნდა იყოს

"ძალოვნები არ უნდა იყოს ნაცმოძრაობის ხელში – არის კონცეპტუალურად არასწორი და მოძველებული. იმიტომ, რომ არცერთი პოლიტიკური ძალის ხელში არ უნდა იყოს სამართალდამცავი უწყებები. ეს არის სტანდარტი. მათ შორის არც მცირე პარტიების" – ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ხატია დეკანოიძე ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის სიტყვებს, რომ ენმ-მ არ უნდა, წარადგინონ ძალოვანი მინისტრები მომავალ მთავრობაში.

"ჩვენს საარჩევნო პროგრამაში ეწერა ნაწილი, ნაწილს აქ დავამატებ.

  • რეალური (არა გონგოების) სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის დიდი ნაწილის მიერ მხარდაჭერილი პროკურორი; არჩეული პროკურორები;
  • არჩეული შერიფები;
  • შსს მინისტრის და პოლიციის უფროსის უფლებამოსილების გაყოფა; ახალი პოლიციის შესახებ კანონის შექმნა.
  • ფედერალური საგამოძიებო უწყების შექმნა;

ეს არის სისტემის მინიმუმი როგორ ვფიქრობთ ჩვენ კრიმინალური იუსტიციის რეფორმას. ეს არის თანამედროვე სტანდარტი. ჩემი ქვეყნისთვის ის მიმაჩნია მართებულად, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალის (არც ჩემი) ხელში არ იყოს მართლმსაჯულება. ამის მისაღწევად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი". – წერს დეკანოიძე. 

მამუკა ხაზარაძის აზრით,  უნდა შეიქმნას ოპოზიციური კოალიცია და საჭიროა, დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე და პრემიერობის კანდიდატზე. ამასთან, ხაზარაძე წერს, რომ საჭიროა შეთანხმება, რათა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მომავალ მთავრობაში ძალოვანი მინისტრები არ წარადგინოს. 

კომენტარები