ევროპული საქართველო 2021

ბოკერია: ადამიანს, რაც არის, იმის თქმის უფლება თუ არა აქვს, ეს არის ჯოჯოხეთში ცხოვრება

ტბელ აბუსერიძე/ტაბულა

"ადამიანს, რაც არის, იმის თქმის უფლება თუ არა აქვს, ეს არის ჯოჯოხეთში ცხოვრება და ეს არის ყველას თავისუფლების შეზღუდვა". – ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია და იხსენებს მეუფე იაკობის მრევლს, რომელსაც გამბედაობა ეყო, წინააღმდეგობა გამოეხატა პუტინისტური რეჟიმისთვის. ამასთან ერთად, ბოკერია იხსენებს ბოდბის მაგალითსაც მიწების გაფორმებასთან დაკავშირებით, რაც წლებია გრძელდება.

"ამას წინათ ვუყურებდი იაკობის მრევლ ქალბატონს, ის მრევლი ჩემი თანამოაზრე ბევრ საკითხში შეიძლება არ იყოს, ოღონდ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ის მრევლია, მე არ ვარ არავის მრევლი, არ ვარ ეკლესიური ადამიანი. ოღონდ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ თუ ამყარებ პუტინისტურ რეჟიმს, ყველას გადაუვლიან  - ის, რაც ხდება წლებია ბოდბეში მიწების გადაფორმებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაპირებთ, ევროპული საქართველო, რომ ამას ყურადღება მივაქციოთ - ეს პრინციპული საკითხია, როდესაც კერძო საკუთრებაში ამდენი ხანი იმ ხალხს, ვისაც ეს მიწები ჰქონდა, არ აქვს - ეს არის მაგალითი, რას შვება შავრაზმული, პუტინისტური, კრიმინალზე დამყნობილი ფანატიკოსების ეს სტრუქტურა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა გაიმყარა და მათ უნდა მოვუგოთ.

ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ დიდი გზა გაიარა. 1921 წელს ბრუტალური სამხედრო ძალით ჩაახშვეს ჩვენი მცდელობა რომ ნორმალური თავისუფალი ქვეყნის გზაზე დავმდგარიყავით, ეხლა გეოპოლიტიკური ვითარება ჩვენს სასარგებლოდ არის, თუმცა ჩვენს სახლშივე უნდა დავამყაროთ წესრიგი -  ესეთ ხალხს თავი არ უნდა გავატანინოთ თავი სიმტკიცით და ნებისყოფით". – ამბობს გიგა ბოკერია.


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

კომენტარები