ევროპული საქართველო 2021

ბოკერია დეკანოიძის საქმეზე: არჩევნების დროს კრიმინალური ჯგუფები წახალისებულები არიან

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ხატია დეკანოიძის სახლთან მომხდარ ინციდენტზე ილაპარაკა და თქვა, რომ კრიმინალური მიდრეკილებების მქონე ჯგუფები წინასაარჩევნო და არჩევნების პერიოდში ხელისუფლებისგან წახალისებულები არიან.

ტელეკომპანია პირველთან ბოკერიამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საჭიროა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერთან დაკავშირებული ინციდენტი საერთო კონტექსტში ჩავსვათ.

"როდესაც წლებია, ჩვენ ვხედავთ და ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბით და სისასტიკით, რომ ამ ტიპის კრიმინალური, ძალადობრივი მიდრეკილებების ჯგუფები არიან პირდაპირ ექსპლუატაციაში ივანიშვილის რეჟიმის მიერ მოყვანილი - არჩევნების დროს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, იმის ფასად, რომ შემდეგ ხელს აფარებენ ან დაუსჯელები კი არ რჩებიან, წახალისებულები არიან ფულითაც, პრივილეგიებითაც, კონტაქტებითაც პოლიციასთან და პოლიტიკურ ფიგურებთან ადგილზე, ჩვენ ხო ეს ყველაფერი დოკუმენტურად ვიცით.

როდესაც ეს ხდება და მერე როცა 5 ივლისის ამბავზე ჯერ იყო პირდაპირი მოწოდება პრაქტიკულად ივანიშვილის რეჟიმისი პრემიერისგან და სხვებისგან, რომ დაუშვით ძალადობა, მორალურად გამართლებულიაო და ახლა ღარიბაშვილმა რა თქვა, ვიღაცამ იჩხუბაო და იქ, ვინც საჭირო იყო დასჯილიაო... ეს ხალხი არ გვიმალავს და წულუკიანიც ამ ბნელეთის მასკარადის გაგრძელებაა". – თქვა მან.

ხატია დეკანოიძის ცნობით, 24 ივლისს მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებთან ინტერვიუსას მას მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კადრებში ჩანს, როგორ აყენებს მანქანიდან გადმოსული კაცი სიტყვიერ შეურაცხყოფას დეკნაოიძესა და ჟურანლისტებს.

ინციდენტზე მოკვლევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

 

კომენტარები