ავღანეთი

თალიბანი თურქეთზე: 2020 წლის შეთანხმების მიხედვით, ავღანეთი მათაც უნდა დატოვონ

ავღანეთის თალიბანი გამოეხმაურა თურქეთის აშშ-სთვისა და NATO-სთვის გაკეთებულ შეთავაზებას, შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში ქაბულის აეროპორტში ჯარების დატოვებისა და დაცვის შესახებ. 

"თურქეთი ბოლო 20 წლის განმავლობაში [ავღანეთის მისიაში] NATO-ს ძალების ნაწილი იყო, ამიტომაც აშშ-სთან 2020 წლის 29 თებერვალს გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, მათ ავღანეთი უნდა დატოვონ". – ამბობს თალიბანის სპიკერი.

"სხვა მხრივ თურქეთი მშვენიერი ისლამური ქვეყანაა. ავღანეთს მასთან ისტორიული კავშირი ჰქონია. ვიმედოვნებთ რომ მათთან ახლო და კარგი ურთიერთობა გვექნება, როდესაც ქვეყანაში, მომავალში ისლამური მთავრობა დაფუძნდება". – დაამატა თალიბანის სპიკერმა. 

თალიბანის კომენტარი ბოლო დღეებში თურქეთის მიერ ქაბულში მყოფი ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტში ჯარების დატოვების შესაძლებლობის განხილვას მოჰყვა.

"ჩვენ პირობების შესაბამისად ვაპირებთ ავღანეთში დარჩენას.  რა არის ჩვენთვის საჭირო პირობები? პოლიტიკური, ფინანსური და ლოჯისტიკური დახმარება. თუ ეს პირობები დაკმაყოფილდება, ჩვენ შეგვეძლება ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტში დარჩენა". – თქვა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა.

2020 წელს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მმართველობის დროს, ამერიკასა და თალიბანს შორის შეთანხმება გაფორმდა. მისი მიხედვით აშშ-ს ჯარს ავღანეთი 2021 წლის 1-ელ მაისამდე უნდა დაეტოვებინა. ქვეყნიდან უნდა გასულიყვნენ NATO-ს ძალებიც.

მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მათ ჯარების გაყვანა 2021 წლის 11 სექტემბრამდე გადადეს. 2021 წლის 11 სექტემბერი 2001 წლის ამავე თარიღის ტრაგედიის 20 წლისთავი იქნება. აშშ-ს ავღანეთში შეჭრა ტყუპების ცათამბჯენებზე განხორციელებულ ტერაქტს მოჰყვა. 

არსებობს შიშები, რომ ავღანეთში აშშ-სა და NATO-ს მოკავშირეების გასვლის შემდეგ ახალი სამოქალაქო ომი დაიწყება. 

ავღანეთში დიდი შეტაკებები ახლაც მიმდინარეობს. ოფიციალური პირების ცნობით, 34 პროვინციიდან 26-ში შეტაკებებია. 

კომენტარები