ენმ

დეკანოიძე: ენმ ყალბ პარლამენტში მონაწილეობას აღარ გააგრძელებს

ხატია დეკანოიძე
საქართველოს პარლამენტი

დეპუტატ ხატია დეკანოიძის თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში მუშაობას აღარ გააგრძელებს. ენმ-ს წევრის თქმით, პარტია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში, თუკი კენჭისყრაზე იქნება გატანილი საქართველოს მთავრობის წევრების გადაყენების ან პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღების საკითხი. 

"ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რა თქმა უნდა, იმ რუტინულ პროცესში, რომელსაც ჰქვია ამ ფარისევლურ, ყალბ პარლამენტში მონაწილეობა, აღარ გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ჟურნალისტებთან ერთად, რომლებსაც კლავენ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და არცერთ მათგანს არ უნდა, რომ პასუხი მოსთხოვოს ამასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს. 

ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესი. ასე ვერ გაგრძელდება. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ პარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს, ირაკლი ღარიბაშვილის, გომელაურის და საქართველოს მთავრობის ყველა წევრის გადაყენების საკითხს და აქვე, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას, ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრა, რაც გულისხმობს იმას, რომ რისთვისაც ვებრძოდით ამ ხნის განმავლობაში – პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის". – თქვა ხატია დეკანოიძემ. 

პარლამენტის დატოვების მოწოდებით ცოტა ხნის წინ პროდასავლურ ოპოზიციას ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ მიმართა


TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავას ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. 

ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორები პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქცია 12 ივლისს, 18:00 საათზე ისევ გაიმართება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არ იქნება სწორი, გამოძიებამ ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში წინასწარ ისაუბროს ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებაზე, თუმცა გამოძიებაში ეს ვერსია განიხილება.

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  TV პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. 12 ივლისს ლაშაქარავასა და ბაღათურიაზე ძალადობის ბრალდებით შსს-მ კიდევ ერთი ორკი, დავით კუტალაძე დააკავა

კომენტარები