ტურიზმი

ორკების ძალადობრივი აქციის შემდეგ ტურისტულ კომპანიას 14 000-ევროიანი ტური გაუუქმეს

Emily Lush

ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი, მინდია ბაჟუნაიშვილი სოციალურ ქსელში ტურისტული ჯავშნებისა და პაკეტების გაუქმების შესახებ წერს. ბაჟუნაიშვილი მიზეზად თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგე ძალადობრივ აქციებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ, ტურისტების თქმით, მათ მიერ ტურის გაუქმების მიზეზი საქართველოში განსხვავებული სტილის გამო მოსალოდნელი პრობლემებია.

"10 თვე დამჭირდა, რომ შვედების ჯგუფისგან საბოლოო თანხმობა მიმეღო. ეს არის ჯგუფი, რომელიც 6 წელია მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და პოპულარიზაციას უწევს სხვადასხვა ადგილებს. შვედური ტურისტული კომპანიაა, რომლებიც საქართველოს შესასწავლად დავპატიჟე და 10-თვიანი ლოდინის შემდეგ თანხმობა მივიღე. მათ ტური იყიდეს ჩემგან. ჰო, იმისთვის, რომ საქართველოში შემდგომში ტურისტები გამოეგზავნათ მათ 14 000-ევროიანი პაკეტი იყიდეს და ამ თანხას ჩვენთან დახარჯავდნენ.

4 აგვისტოს ჩამოვიდოდნენ, რომ არა გადარეული ორკები რუსთაველზე. გუშინ ღამით მომივიდა შეწყვეტის მეილი. გააუქმეს ჩვენი ტური და თურქეთისკენ აიღეს გეზი. დავკარგეთ პოტენციური კლიენტები, სამომავლოდ, არ ვიცი, რამდენი ტურისტი.

ჰოდა, მთავარი მიზეზი, იცით, რა არის? – "ჩვენს ჯგუფს, შეიძლება, პრობლემა შეექმნას განსხვავებული სტილის გამოო".

[...] მარტო მე არ ვარ დაზარალებული, დაზარალდა კიდევ ორი გიდი, ორი მძღოლი, ოთხი სასტუმრო, ექვსი მუზეუმი, რვა რესტორანი და კიდევ, ვინ იცის, რამდენი მაღაზია, სუვენირების დახლი, ვალუტის ჯიხური თუ სხვა". – წერს ბაჟუნაშვილი

გარდენია შევარდნაძის დამფუძნებელი, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ტურისტების მიერ გაუქმებულ ჯავშნებზე წერს და აღნიშნავს, რომ ვიზიტორებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების ამსახველი კადრები აშინებთ. 

7 ივლისს თბილისის ერთ-ერთი სასტუმროს,  Old Town Mtatsminda-ს დამფუძნებელმა, ირაკლი გვეტაძემ თქვა, რომ პოლონელი ტურისტის დაჭრა უკვე მნიშვნელოვნად აისახება ტურისტულ სექტორზეც, ვინაიდან ერთი დღის შეჯამებით ათეულობით ჯავშნის გაუქმების ფაქტი დაფიქსირდა. მისივე თქმით, უმოქმედობა კიდევ უფრო უარესს შედეგს მოიტანს  მეტი ეკონომიკური ზარალის სახით.  

5 ივლისს პუტინისტური ჯგუფების წარმომადგენლებმა პოლონელი ტურისტი დაჭრეს. კაცს გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს და მას ოპერაცია ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქის დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე დაუსჯელად იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებზე მიმართეს. ჯამში დაშავდა 40-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ კეტი რამდენჯერმე ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

კომენტარები