პრაიდის კვირეული

NGO-ები: ხელისუფლება ჟურნალისტების უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს

მედიაჩეკერი

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში ჟურნალისტებზე ძალადობასთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებენ. NGO-ების შეფასებით, ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას, ხოლო ბოლო წლებში განხორციელებული თავდასხმები კი უმეტესად გამოუძიებელია.

"2021 წლის 5 და 6  ივლისს თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მასშტაბური ძალადობა მოხდა. ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში. 

სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები აქციის ორგანიზატორებისა და მედიის დასაცავად. ძალადობის ფაქტები გადაიცემოდა პირდაპირი ეთერით. ნათელი იყო, რომ არასაკმარისი საპოლიციო ძალები ინერტულად მოქმედებდნენ და ვერ ახერხებდნენ წესრიგის აღდგენას. უფრო მეტიც, 5 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა კონტრაქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მარში რუსთაველის გამზირზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა. მედიაზე თავდასხმა 2021 წლის 6 ივლისსაც გაგრძელდა, ე.წ. მდუმარე აქციის გადაღებისას მოძალადე ჯგუფები ცდილობდნენ ტელეკომპანია “ფორმულას” პირდაპირი ეთერი ჩაეშალათ". - წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მრავალი დარღვევის საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ 12 ადამიანი დააკავა, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელთა ნაწილის იდენტიფიცირება ჟურნალისტებმა მათ მიერ გადაღებული კადრებით შეძლეს. 

საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, ასევე სხვა ფუნდამენტური უფლებების რეალიზების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ მთავრობას და მოითხოვენ: 

  • 2021 წლის 5 და 6 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმეებზე ჩატარდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ დამნაშავე პირებს.
  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან და ღიად დაუჭიროს მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას.

საქართველოს პარლამენტს: 

  • უახლოეს პერიოდში დაგეგმოს საპარლამენტო მოსმენა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით და შეაფასოს მთავრობის მიერ მოქალაქეთა დაცვის მიზნით გადადგმული ნაბიჯები.
  • მკაფიოდ  და არაორაზროვნად დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები  და ქმედებები.
  • მკაფიოდ გააკეთონ განმარტებები გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ და ღიად დაუჭირონ მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას. 

განცხადებას ხელს აწერენ:  

  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI 
  • ლიბერალური აკადემია თბილისი 
  • მედიაკლუბი 
  • მედიის განვითარების ფონდი 
  • მედიის უფლებები 
  • სატელევიზიო ქსელი 
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი - AB 
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 
  • Სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED 
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - GYLA 
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI 
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA 
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია 
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 
  •  უფლებები საქართველო 
  • ღია საზოგადოების ფონდი OSGF

კომენტარები