ვაქცინაცია საქართველოში

"აცრაზე რეგისტრაცია ამცრელ კლინიკებშიც არის შესაძლებელი" – გაბუნია რეგისტრაციის 3 გზაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ამ ეტაპზე აცრაზე რეგისტრაციის 3 გზა არსებობს: ელექტრონული გზით რეგისტრაცია, ცხელ ხაზზე რეგისტრაცია და პირდაპირ კლინიკაში რეგისტრაცია

"აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელექტრონული პორტალით, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე შესაძლებელია პირდაპირ კლინიკაშიც. ეს გზა რიგების თავიდან აცრილები მიზნით ნაკლებად სასურველია, მაგრამ თუ მოქალაქე სხვაგვარად ვერ ხვდება ვაქცინაციის პროგრამაში და მას სჭირდება დახმარება, ესეც შესაძლებელია". – ამბობს გაბუნია. 

2 ივლისს საქართველოში სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინის მილიონი დოზა შემოვიდა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა 15 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 13 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა შემოვიდა. 6 მაისს საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის კიდევ 43 000 დოზა ჩამოვიდა. ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება 55 წლის ნაცვლად, 45 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება.

Pfizer-ის 29 500 დოზა ქვეყანაში 25 მარტს შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში Pfizer-ის დამატებით დოზებს ზაფხულში უნდა ველოდოთ.

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა და ამ ვაქცინის გამოყენებით აცრა 4 მაისს დაიწყო. 7 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ჩინური ვაქცინის – სინოფარმის გამოყენების ნებართვა გასცა.

3 მაისს, WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ით განისაზღვრა, რაც მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგებით დადგინდა. კვლევაში სულ 16,125 ადამიანი მონაწილეობდა. რაც შეეხება სინოვაკის [SINOVAC] ვაქცინას, საქართველოში 100 000 დოზა 29 აპრილს ჩამოვიდა.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

კომენტარები