ვაქცინაცია საქართველოში

პრემიერი: სინოფარმის და სინოვაკის მილიონი დოზა საქართველოში ჩამოვიდა, კიდევ მილიონი შემოვა

საქართველოს პრემიერმინისტრის ცნობით, საქართველოში სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინის მილიონი დოზა შემოვიდა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ეკატერინე ტიკარაძესთან და ამირან გამყრელიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ორშაბათიდან მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყება. რეგისტრაცია 3 ივლისიდან გაიხსნება.

საქართველოს პრემიერის თქმით, ამის გარდა, ქვეყანაში ჩინური ვაქცინის კიდევ მილიონი დოზა შემოვა.

"ალბათ ერთ თვეში, უახლოეს რამდენიმე კვირაში, ნახევარი მილიონი დოზა სინოფარმი, ნახევარი მილიონი - სინოვაკი ანუ, ჯამში, ორი მილიონი დოზა გვაქვს შეკვეთილი" - თქვა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, ივლისიდან, ფაიზერიც "ეტაპობრივად დაიწყებს" მილიონი დოზის მოწოდებას.

"წლის ბოლომდე ოთხ მილიონამდე დოზას მივიღებთ, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ზრდასრული მოსახლეობის 60 პროცენტი იყოს აცრილი წლის ბოლომდე" - განაცხადა პრემიერმა.

საქართველო ვაქცინაციის ტემპით მსოფლიოში 145-ე ადგილზეა. სრულად 3%-იც არ არის აცრილი.

კომენტარები