პრაიდის კვირეული

"როგორც ჩანს, მოვლენებში თავად პრემიერი იყო დამნაშავე" – 5 ივლისის მოვლენები უცხოურ მედიაში

საქართველოში მიმდინარე 5 ივლისის მოვლენები დიდი უცხოური გამოცემების პირველ გვერდებზე მოხვდა. 

"საქართველოში რადიკალი მემარჯვენე დემონსტრანტების მიერ LGBTQ აქტივისტების შტაბბინასა და ჟურნალისტებზე თავდასხმის შემდეგ, ორგანიზატორებმა პრაიდის მარში გააუქმეს. როგორც ჩანს, ძალადობის მოვლენებში თავად ქვეყნის პრემიერმინისტრი იყო დამნაშავე". – წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.

რადიკალი მემარჯვენე ჯგუფების ძალადობის ფაქტები The Guardian-ის გარდა, მოხვდა ისეთი გამოცემების პირველ გვერდებზე, როგორიცაა CNN-ი, BBC, Reuters-ი, Independent-ი, Radio Free Europe - Radio Liberty და Voice of America

"საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც ძლიერ ეწინააღმდეგება LGBT აქტივისტებს, პრაიდის ღონისძიების წინააღმდეგ, სახალხო ლოცვის შეკრებისკენ მოწოდება გააკეთა... მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის წინააღმდეგ არალეგალურია, ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის არის მოქცეული, ძალიან კონსერვატიული რჩება". – წერს BBC.

"სხვა ჩანაწერებში ჩანან ჟურნალისტები დასისხლიანებული ცხვირითა და პირით და კაცი, რომელიც ქუჩაში სკუტერით ჟურნალისტების მიმართულებით მიდის. პოლიციამ თქვა, რომ ძალადობაში 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა... ასევე, მედიის ცნობით, ტურისტი, სავარაუდოდ, იმ მიზეზით დაჭრეს, რომ მას საყურე ეკეთა". – აღწერს Reuters-ი 5 ივლისის მოვლენებს.

"ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პრაიდის მარშის გამო თბილისში ძალადობა დაიწყო...

2013-ში, პრაიდის პარადის წინააღმდეგ თავდასხმის დროს მღვდლები ბრბოს მიუძღვებოდნენ და მღეროდნენ "არა გეებს". ორგანიზატორებს დამალვა მოუწიათ. ძალადობამ ძირი გამოუთხარა საქართველოს მცდელობებს, გაემყარებინა პროდემოკრატიული და ადამიანის უფლებათა მიღწევები, როდესაც მას ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირი სურდა". – წერს The Guardian-ი.

უცხოურ პრესაში აღწერილი იყო ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე თავდასხმები, თბილის პრაიდის ოფისში შეჭრის ფაქტი, ასევე საქართველოს მთავრობის განცხადებები. 


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე დაუსჯელად იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებზე მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ კეტი რამდენჯერმე ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. 

"ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას.

მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას, ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში". – წერია განცხადებაში.

კომენტარები