პრაიდის კვირეული

შსს: ვგმობთ სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის, მედიაზე ძალადობას

ტაბულა

"პირველ რიგში ვგმობთ სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოხატულ ძალადობის ნებისმიერ ფორმას. მოვუწოდებთ დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილ მოქალაქეებს, დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში". - შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებზე ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და იქვე განმარტავს, რომ მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისზე თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყეს - სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება.

"კანონდარღვევის ამ ფაქტების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას უკვე აცნობა, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის გამოვლენილ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ ფაქტებზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, შესწავლილი იქნება ინციდენტების ამსახველი ყველა მასალა.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, მოვუწოდებთ არსებული რისკების გათვალისწინებით ითანამშრომლონ პოლიციის თანამშრომლებთან, გაითვალისწინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებები და რეკომენდაციები.

დედაქალაქის ქუჩებში საპოლიციო ძალები მობილიზებული რჩებიან და განაგრძობენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება". - აცხადებს შსს.

დილიდან რუსთაველის გამზირზე პუტინისტური ჯგუფები შეიკრიბნენ, ადგილზე მივიდნენ სასულიერო პირებიც, მათ შორის პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ პრაიდის გამართვა მიზანშეწონილი არ არის. ამის შემდეგ,  პუტინისტურმა ჯგუფებმა ოპოზიციის კარვები დაარბიეს, ჟურნალისტებს სცემეს, სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებში შევარდნენ. მოძალადეები ახლაც ქალაქის ქუჩებში დადიან, მანქანებს ქვებს ესვრიან, მათ გაეროს ოფისში შეჭრაც სცადეს. პოლიციამ არავინ დაუკავებია.

პუტინისტური ჯგუფების და საპატრიარქოს ქმედებების გამო, თბილისი პრაიდის დასკვნითი ღონისძიება – ღირსების მარში დღეს აღარ გაიმართება. მათი შეფასებით, "ქვეყნის ხელისუფლების დღევანდელმა მოქმედებებმა, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაგვანახა, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას არ სურს აღასრულოს მისი პირდაპირი მოვალეობა".

კომენტარები