პრაიდის კვირეული

ლელო: ქვეყანაში კონსტიტუცია აღარ მოქმედებს, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას

ლელო-საქართველოსთვის კატეგორიულად მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს დანაშაულებრივი ქმედებები და დასჯილ იქნას ძალადობის ყველა ორგანიზატორი და დანაშაულში მონაწილე პირი. სახეზეა ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი ქმედებები. ხელისუფლების უმოქმედობა ამ კრიზისულ ვითარებაში არის დანაშაულში თანამონაწილეობა.

თბილისის ქუჩებში დღეს განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს, რომელმაც დღეს, თავისი საჯარო განცხადებით, პირდაპირ წააქეზა ძალადობა მოქალაქეთა წინააღმდეგ. 

ჩვენ, პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის კატეგორიულად ვგმობთ მომხდარს. ხელისუფლებამ დღევანდელი პოზიციით უარი თქვა კონსტიტუციური უფლებების და წესრიგის დაცვაზე, ესკი ნიშნავს ტიპიური რუსული მმართველობის მოდელის დანერგვას ქვეყანაში. ამით ხელისუფლებამ ზურგი აქცია სამართლის უზენაესობაზე დამყარებულ ცივილიზებულ სამყაროს, სადაც ადამიანი არის მთავარი ღირებულება. 

შედეგად ვიხილეთ - არსამთავრობო ოფისების დარბევა, პარლამენტის წინ ჩამოგლეჯილი ევროკავშირის დროშა, სასტიკად ნაცემი ჟურნალისტები, შეშინებული მოქალაქეები და გაუქმებული მშვიდობიანი შეკრების უფლება!

დღეს ქვეყანაში კონსტიტუცია აღარ მოქმედებს

ლელო საქართველოსთვის განცხადებას ავრცელებს. პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, დღეს, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც.

კომენტარები