პრაიდის კვირეული

მეუფე საბა: ქრისტეს და ეკლესიის სახელით ადამიანებზე ძალადობა და შეურაცხყოფა მიუღებელია

facebook: Saint Sava Monastery

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე საბა ინწკირველმა TBILISI PRIDE-თან დაკავშირებით ქადაგებაში ისაუბრა.  მისი თქმით, ეკლესიის სახელით ადამიანებზე ძალადობა მიუღებელია. 

"ეკლესია ცოდვის შემწყნარებელი ვერასდროს იქნება. ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვძულს ადამიანები, მაგრამ როგორც მამა საკუთარ შვილებს, ისე ვეუბნებით სიყვარულით სხვა ადამიანებს და მივუთითებთ სწორი გზისაკენ... არის მეორე მხარე, როდესაც ქრისტეს სახელით და ეკლესიის სახელით ხდება ადამიანების მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა და ეს არის მიუღებელი...

სახელმწიფოს კანონები და ეკლესიის კანონები ვერ იქნება ერთი და იგივე. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თითოეული თავისი მოქალაქე და უზრუნველყოს მისი უფლებები, რომელიც არის კონსტიტუციის მიხედვით მინიჭებული. ხოლო ეკლესია არ არის ამსოფლიური, არ ზრუნავს ამსოფლიური ცხოვრებისთვის, არამედ ჩვენი სწრაფვა არის ზეციური ცხოვრებისკენ". – ამბობს მეუფე საბა. 

საქართველოს საპატრიარქო ქაშვეთთან პრაიდის კონტრაქციას გეგმავს, ამის შესახებ საპატრიარქოს ახალ განცხადებაში წერია.

"ამა წლის 5 ივლისს, 17 საათზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია". – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან ერთად,  საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა ელჩების მხარდაჭერას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ. საპატრიარქო ამას სასულიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევად აფასებს და წერს, რომ ეს მიუღებელია.


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში ჩატარდება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან. პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან. ასევე, 3 ივლისს, ამსტერდამის მერმა კახა კალაძეს მოუწოდა, პრაიდის უსაფრთხოება უზრუნველყოს. 

კომენტარები