პრაიდის კვირეული

თავისუფლების ინსტიტუტი PRIDE-ზე: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გამოხატვის, შეკრების თავისუფლებას

თავისუფლების ინსტიტუტი სრულ მხარდაჭერას უცხადებს თბილისი პრაიდის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და მთავრობას მიმართავს, დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, ასევე, არ დაუშვას ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან ძალადობა.

"გამოხატვის თავისუფლების დაცვა გადამწყვეტია თავისუფალი, დემოკრატიული და განვითარებული ქვეყნის ჩამოყალიბებისთვის. იქ, სადაც ერთი ადამიანის ხმას ახშობენ სექსუალური ან გენდერული იდენტობის, რელიგიის, ეთნიკური თუ სხვა ნიშნით, ვერავინ იცხოვრებს უსაფრთხოდ და ბედნიერად.

გამოხატვის თავისუფლება სწორედ საზოგადოებისთვის მიუღებელი და შოკისმომგვრელი სიტყვის დაცვას გულისხმობს.

თავისუფლების ინსტიტუტი სრულად უჭერს მხარს თბილისი პრაიდის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. 

მიგვაჩნია, რომ ყველა წესიერი მოქალაქის ადგილი იქ არის, სადაც მცირე ჯგუფს ჩაგრავენ, მათი სიტყვის თავისუფლებას ემუქრებიან". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

თავისუფლების ინსტიტუტი მოითხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მოძალადე ჯგუფების ქმედებებზე და დადგინდეს მუქარისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ნიშნები. 

პუტინისტური ჯგუფების ფიზიკური წინააღმდეგობის მიუხედავად, PRIDE-კვირეულის პირველი ღონისძიება 1-ელ ივნისს მაინც გაიმართა. ფილმის დახურულ ჩვენებაზე დიდი ბრიტანეთის და გერმანიის ელჩებიც მივიდნენ, ასევე, სხვა საელჩოების წარმომადგენლები. 

ღონისძიების დაწყებამდე, პუტინისტურმა ძალადობრივმა ჯგუფებმა თბილისი პრაიდის მონაწილეებს კვერცხები, ქვები და ბოთლები ესროლეს. მათ გზის გადაკეტვაც სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. პირველი დაპირისპირებისას, ადმინისტრაციული წესით დააკავეს 12 ადამიანი, მათ შორის, ალტ-ინფოს წამყვანი, ზურა მახარაძე. 

ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა კინოჩვენების დასრულების შემდეგაც - პუტინისტური ჯგუფები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ და ბოთლები ესროლეს, სამართალდამცველებმა შემდეგ კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. 

ჯამში, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფის 23 წევრი დააკავა. მათგან 20 დღეს, 2 ივლისს ხელწერილით გაათავისუფლეს


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან.

კომენტარები