პრაიდის კვირეული

რიონის ხეობის მცველები: პრაიდის კვირეულის იდეა არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდაა

ვარლამ გოლეთიანი
ტაბულა

რიონის ხეობის მცველები პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის აღნიშნულია, რომ, მათი აზრით, თბილისი პრაიდის კვირეულის იდეა არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდაა და ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს. 

"სამწუხაროა, რომ ქართული საზოგადოება გარკვეულ ინდეფერენტულობას იჩენს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ, მიდრეკილია, პერსონებისგან შექმნას კერპები და ასე აარიდოს თავი პასუხისმგებლობას. ამით სარგებლობენ ცალკეული პოლიტიკური ფიგურები თუ ჯგუფები, კონკრეტული პრობლემებიდან ვექტორი გადააქვთ სხვა მიმართულებით და გვრჩება გადაუჭრელი საკითხების მთელი წყება, მორიგი იმედგაცრუება და გვემატება საბაბი ეროვნული ნიჰილიზმის გასაღრმავებლად.

ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ამ ქვეყნის მართლმადიდებელ უმრავლესობას მიეკუთვნება და რელიგიური თვალსაზრისით, ჩვენს შეხედულებებს აბსოლუტურად განაპირობებს ქრისტიანული სწავლება. ჩვენი აზრით, თბილისი პრაიდის კვირეულის იდეა გარდა იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინაამდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ". – ნათქვამია განცხადებაში. 

 

1-დან 5 ივლისის ჩათვლით თბილისი პრაიდის ორგანიზებით პრაიდის კვირეული იმართება. რომლის ფარგლებშიც კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები გაიმართება. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში ჩატარდება. ძალადობრივი ჯგუფების ფიზიკური წინააღმდეგობის მიუხედავად, კვირეულის პირველი ღონისძიება 1 ივნისს მაინც გაიმართა. პოლიციამ პუტინისტური ჯგუფების 23 წევრი დააკავა, მათგან 20 ხელწერილის საფუძველზე უკვე გათავისუფლდა, 3 კი იზოლატორში გადაიყვანეს. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას – გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან.

კომენტარები