პრაიდის კვირეული

ომბუდსმენი პრაიდზე: მოვუწოდებ ორგანოებს, რეალურად დაიცვან მათი უსაფრთხოება

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, გაატარონ ღონისძიებები, რომლებიც მათ უსაფრთხოებას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას რეალურად დაიცავს.

ომბუდსმენი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას, არსებული რისკების პრევენციის და დაცვის შესაბამისი ღონისძიებების გატარების გზით. ასევე, აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ გავრცელებული მუქარის შემცველი განცხადებები. 

"წლებია გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებით სარგებლობის მცდელობა ლგბტ+ თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში უწევთ. ამის ფონზე, სახელმწიფო, ლგბტ+ თემის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, არასაკმარისი ღონისძიებებით და ზოგადი საჯარო განცხადებებით შემოიფარგლება. ჰომო/ტრანსფობიურად განწყობილი ადამიანების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებსა და სავარაუდო დანაშაულებზე რეაგირება კი, უმეტეს შემთხვევაში, ფრაგმენტული და არაეფექტიანია".- ვკითხულობთ განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადების მიხედვით, ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მშვიდობიანი პროტესტი თუ სოლიდარობის აქტი, მისი შინაარსის მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული, მისი უზრუნველყოფის ვალდებულება კი ხელისუფლებას ეკისრება. ლომჯარიას შეფასებით, ამის საპირისპიროდ, მაღალი თანამდებობის პირები ხელს უწყობენ საკითხის პოლიტიზებას და თემის წევრების უსაფრთხოების დაცვის გარანტად თავად თემის უფლებების შეზღუდვას წარმოაჩენენ. 

"ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს კომპეტენტურ ორგანოებს და თანამდებობის პირებს, წინა წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით, გაატარონ ღონისძიებები, რომელიც ღირსების მარშის მონაწილეების უსაფრთხოებას, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებებს რეალურად დაიცავს; ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებზე, დაუსჯელობის განცდისა და მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით; გააკეთონ ლგბტ+ თემის მხარდამჭერი განცხადებები". - წერს ომბუდსმენი.  

პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

გუშინ, 20 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან.

კომენტარები