პრაიდის კვირეული

ჯაფარიძე: PRIDE-ზე თუ გადიხარ, ამას სხვებისთვის არ აკეთებ – საკუთარი თავისთვის აკეთებ

ტაბულა

"5-ში თუ გადიხარ, ამას სხვებისთვის არ აკეთებ - საკუთარი თავისთვის აკეთებ". - პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ დღეს მთავარი პრობლემაა, როდესაც ქუჩაში გამოსვლისთვის  და სათქმელის გამოხატვისთვის ადამიანების  სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე ემუქრება - პრაიდის კვირეულიც ამის ნათელი მაგალითია:

 "ადამიანების გარკვეულ ჯგუფს უნდა ქუჩაში ერთად გავლა და ამით რაღაც სათქმელის თქმა 

მათ არ აძლევენ ამის უფლებას და ემუქრებიან რომ ფიზიკურად გაუსწორდებიან

რამდენიმე წლის წინ მსგავსი მუქარა სისრულეში მოიყვანეს და ტაბურეტკები გადაამტვრიეს თავზე

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას ითხოვენ ეს ადამიანები

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა შეიძლება მოითხოვონ მომავალში

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა დღის წესრიგი აქვთ დასავლეთში ლგბტ ჯგუფებს, ეთანხმები ამ დღის წესრიგს თუ არა 

ადამიანებს უნდათ ქუჩაში გავლა, ამით რაღაცის თქმა და ამის გამო მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე

ესაა აქ მთავარი

თუ პირადი უსაფრთხოების ან პოლიტიკური მიზანშეწონილობის ან საკუთარ სოციუმთან დისკომფორტის არ შექმნის გამო არ გინდა ამის დანახვა, მხარის არ დაჭერის მიზეზს ყოველთვის იპოვი

სულ ტყუილად გგონიათ რომ თქვენი გამოხატვის თავისუფლება არის დაცული და გარანტირებული ამ ქვეყანაში

დღეს გადაჯეგავენ ერთს, ხვალ გადაჯეგავენ ვისაც გაუსწორდებათ

5-ში თუ გადიხარ, ამას სხვებისთვის არ აკეთებ - საკუთარი თავისთვის აკეთებ"- წერს ზურაბ ჯაფარიძე.


Tbilisi Pride-ის ორგანიზებით პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით 28 ივნისს ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაიცვან ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება. 

კომენტარები