პრაიდის კვირეული

ხაზარაძე ოცნებას: თუ ასეთი პრინციპული ხარ, გეყოს ვაჟკაცობა და ნუ მისცემ PRIDE-ს ჩატარების ნებას

მამუკა ხაზარაძე

"გეყოს ვაჟკაცობა და ნუ მისცემ ნებას, თუ ასეთი პრინციპული ხარ". – მიმართავს ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ქართულ ოცნებას პრაიდის კვირეულზე საუბრისას. 

ხაზარაძე განმარტავს, რომ "კეკლუცობაა", როდესაც ქართული ოცნება თბილისი პრაიდს რუსთაველზე ღირსების მარშის ჩატარების უფლებას აძლევს, შემდეგ კი ეუბნება -  "იცი რა, მოდი, ნუ ჩაატარებ". 

"სანამ ასეთი კეკლუცობა არ იქნება აღკვეთილი, რაც ჩვენ კობახიძისა და კალაძის განცხადებით მოვისმინეთ, იმ ადამიანებისგან, ვინც არის ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში კანონი არასდროს არ იკანონებს. კეკლუცობა არის ის, რომ პრაიდის ჩატარების უფლება მისცა ხელისუფლებამ. ახლა ერთი ხელით აძლევდე ნებართვას და ეუბნებოდე, რომ რუსთაველზე ჩაატარე და მეორე ხელით ამბობს, რომ იცი რა, მოდი ნუ ჩაატარებ, ეს არის კეკლუცობა. გეყოს ვაჟკაცობა და ნუ მისცემ ნებას, თუ ასეთი პრინციპული ხარ. 

ახლა ემოციებზე მუშაობა, რომ კანონს არ ვარღვევ, მომმართეს და გინდა თუ არა, რუსთაველზე უნდა ჩავატარებინო და მერე ამას მოაყოლებ, რომ იცი, თუ ხედავ, რომ ამას რისკი მოჰყვება და რაღაც მიზეზის გამო ვერ იცავ - პოლიცია ვერ იცავს, კანონს ვერ იცავ, მაშინ შენ ხარ პასუხისმგებელი შედეგებზე, როგორც ხელისუფალი. შენ ხარ პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რომელიც, შეიძლება, დამაზიანებელი იყოს. საპატრიარქომ განაცხადა, რომ ისინი ხედავენ რისკს, რომ შეიძლება დამთავრდეს ცუდად ჩვენი სტაბილურობისთვის, სიმშვიდისთვის. საპატრიარქო ხედავს პრობლემას, კალაძე ამბობს, რომ მე მივეცი ნებართვა, მე მგონი, ქალაქი გასცემს ამ ნებართვას, მაგრამ, მოდი, ნუ ჩაატარებ - დალოცვილო, თუ პრობლემას ხედავ, თან ეუბნები არ ჩაატაროო და თან ნებართვას იძლევი, ეს ორმაგი სტანდარტი ხომ უნდა დამთავრდეს?" – ამბობს ხაზარაძე ტელეკომპანია პირველის ეთერში.  

პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან.

კომენტარები