პრაიდის კვირეული

ღუდუშაური პრაიდის კვირეულზე: ყველამ ვიცით, რომ მიზნად მხოლოდ დაძაბულობის შექმნას ისახავს

"ყველამ კარგად ვიცით, რომ დაორგანიზება ამ პრაიდის მიზნად ისახავს ალბათ ერთადერთ რამეს, რომ როგორმე ხელოვნურად მოახდინოს დაძაბულობა და გამწვავება. რასაკვირველია, ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს ასე არის". – ქართული ოცნების დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა პრაიდის კვირეულის ჩატარების შესახებ ისაუბრა.

ღუდუშაურის თქმით, ღონისძიების ჩატარების ერთადერთი მიზანია დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა, ხოლო ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, სწორი იქნება, თუ მსგავსი ღონისძიება არ ჩატარდება.

"ყველა კონტექსტის გათვალისწინებით, ის, რა მოცემულობაც არის, დიდ სურათს თუ შევხედავთ, ბუნებრივია, უმჯობესი იქნება, თუ თავს შეიკავებენ და არ ჩატარდება. [...] უამრავი ორგანიზაციაა, რომელიც აკეთებს საქმეს, თავის განცხადებას, თავის შეხედულებებს ღიად, იმიტომ, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და არავის არაფერი არ ეზღუდება, მითუმეტეს 2012 წლიდან. არაფერს არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ, როდესაც ქვეყანაში ეს გამოწვევები არის და ხელოვნურად ცდილობ, რამე დაძაბო, მით უფრო არასწორია". – თქვა ღუდუშაურმა

ირაკლი კობახიძემ გუშინ, 17 ივნისს თქვა, რომ "კომპლექსური კონტექსტის გათვალისწინებით" თბილისი პრაიდს პრაიდის კვირეულის ჩატარებაზე უარი უნდა უთხრან. კითხვაზე "ხომ არ უგორებს ეკლესიას კოჭს"  მმართველი პარტიის თავმჯდომარე, კობახიძე პასუხობს, რომ "ეკლესიას ჩემი კოჭის გაგორება არ სჭირდება, იმედია, მე გამომიგორებს კოჭს". 

პუტინისტმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ხელისუფლებას პრაიდის კვირეულის გასაუქმებლად 10 დღე მისცა. საპასუხოდ, თბილისი პრაიდის დირექტორი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ვასაძე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა და მასთან "კეკლუცობა ქართულ ოცნებას და, სამწუხაროდ, ქვეყანას ძვირად დაუჯდება".  

თბილისი პრაიდის ინფორმაციით, პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი ღირსების მარში გაიმართება.

კომენტარები