დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე იერიში მიიტანეს

ისრაელის იერიში ღაზაში

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე იერიში მიიტანეს

უკვე რამდენიმე დღეა, რაც ღაზის სექტორიდან დაჯგუფებები ისრაელის მიმართულებით აალებადი ნივთიერებით გაბერილ ბუშტებს უშვებენ, რაც ხანძრებს აჩენს. ცეცხლის შეწყვეტის გაფორმების შემდეგ, ეს ისრაელის მეორე იერიშია. პირველი იერიში ღაზის სექტორიდან აალებადი ბუშტების გამოშვების დაწყებას მოჰყვა. 

ისრაელის საჰაერო თავდასხმების დროს რამდენიმე ქალაქში საგანგაშო სიგნალი ჩაირთო, მაგრამ ეს ცრუ განგაში იყო, ღაზიდან საპასუხო თავდასხმა არ მომხდარა. 

პალესტინური მედიის მიხედვით, ისრაელის სამიზნე იყო ქალაქ ბეით ლაჰიაში მყოფი შენობა, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს. ასევე ისრაელის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქი ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში, ექვსსართულიან შენობაზე, რომელსაც ასევე ჰამასი აკონტროლებს. უცნობია ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ. 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში დაადასტურა. ბოლო თავდასხმა რამდენიმე დღის წინანდელ იერიშზე ძლიერი იყო. 

ჰამასმა ისრაელის იერიშებს თეატრალური წარმოდგენა უწოდა და თქვეს, რომ ისინი ამას სამხედროების სულისკვეთების ასამაღლებლად იყენებენ. ასევე, მათი თქმით, აალებადი ბუშტების გაშვება სახალხო მოძრაობის ნაწილია, მოსახლეობა ამას თავისი ნებით აკეთებს და ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად არ უნდა ჩაითვალოს.


10 მაისს სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები ხდებოდა, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა.

დაპირისპირება 11 დღეს გაგრძელდა. მთლიანობაში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო. ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვებიც. ისრაელში დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

კონფლიქტი მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. დაპირისპირებამდე გავრცელდა ინფორმაცია, იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი დაიბრუნეს. იერუსალიმის დღესთან დაკავშირებით იგეგმებოდა დროშებით მსვლელობა, რამაც ქალაქის არაბი მოსახლეობის გაღიზიანება გამოწვია და პოლიციასთან დაპირისპირება გაამწვავა.

ისრაელი და ჰამასი ცეცხლის შეწყვეტაზე 21 მაისს ეგვიპტის შუამავლობით შეთანხმდნენ.

15 ივნისს იერუსალიმში ებრაელმა ნაციონალისტებმა დროშის მსვლელობა ჩაატარეს, რომელიც 10 მაისს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ჰამასის სარაკეტო თავდასხმების გამო ვერ დასრულდა. ებრაელების იერუსალიმში მსვლელობას ღაზის სექტორიდან აალებადი აირით გაბერილი ბუშტების გამოშვება მოჰყვა, რამაც ისრაელში რამდენიმე ხანძარი გააჩინა. ამ თავდასხმებს ისრაელის ახალმა მთავრობამ იერიშით უპასუხა.

კომენტარები