დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

შოტლანდიის პირველი მინისტრის თქმით, ქვეყანა მზად არის პალესტინელი ლტოლვილების მისაღებად

შოტლანდიის პირველი მინისტრის, ჰუმზა იუსაფის თქმით, შოტლანდია მზად არის მიიღოს პალენსტინელი ლტოლვილები ღაზის სექტორიდან. 

"წარსულში, შოტლანდიასა და მთელი გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით ხალხმა მიიღო სირიელები, უკრაინელები და ლტოლვილები ბევრი სხვა ქვეყნიდან. ჩვენ ეს კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ". – თქვა იუსაფმა. 

იუსაფმა შოტლანდიის ეროვნული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ასევე გააკრიტიკა გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსალოდნელია მიგრანტთა "ქარიშხალი" გაერთიანებული სამეფოსა და დანარჩენი დასავლური სამყაროს ქვეყნების მიმართულებით.

შოტლანდიის პირველი მინისტრის თქმით, მსგავსი განცხადებები ახალისებს ექსტრემისტულად განწყობილ ადამიანებს. 

ამავდროულად, 19 ოქტომბერს ისრაელში გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ რიში სუნაკსა და მის ისრაელელ კოლეგა ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც სუნაკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჰამასის წინააღმდეგ ომში ბრიტანეთის ისრაელისადმი მხარდაჭერა.

შეხვედრაზე რიში სუნაკმა ხაზი გაუსვა ჰამასის მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების აუცილებლობას. ასევე მან ნეთანიაჰუს მადლობა გადაუხადა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის საკითხის მოგვარებაში მისი წვლილისთვის, რასაც დაამატა, რომ “ჰამასს პალესტინელების სიცოცხლე არ აინტერესებს”.

ნეთანიაჰუმ გაერთიანებული სამეფოს პრემიერს ისრაელის მიმართ სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ დასავლელი მოკავშირეების “ისრაელთან გვერდში დგომაზე მნიშვნელოვანი მათი ისრაელში დგომაა.”

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მიმდინარე ომი მეორე მსოფლიო ომში გაერთიანებული სამეფოს პოზიციას შეადარა, როდესაც თავისუფალი სამყაროს დახმარებით ბრიტანეთმა ნაცისტური საფრთხე მოიგერია. ნეთანიაჰუს თქმით, ჰამასთან ომი ისრაელის “ყველაზე ბნელი დროა". 

 

კომენტარები