დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელმა ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიში მიიტანა

GETTY IMAGES

16 ივნისს ისრაელმა ღაზის სექტორში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, მას შემდეგ, რაც პალესტინელებმა სამხრეთ ისრაელში ხანძრის გამჩენი ბუშტებით, დაახლოებით, 20 ხანძარი გააჩინეს. არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავებულები არ არიან.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) თანახმად, თავდასხმები პალესტინელების მიერ ხანძრების გაჩენას უკავშირდება და ისინი მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის, მათ შორის, სამხედრო კონფლიქტის განახლებისთვისაც. 

"ჩვენ ვართ მზად ყველა სცენარისთვის, მათ შორის, სამხედრო კონფლიქტის განახლებისთვის ღაზის სექტორიდან განხორციელებული ტერორისტული აქტების საპასუხოდ". – წერს IDF.

ისრაელის სარაკეტო თავდასხმა ჰამასზე:

მხარეებს შორის მაისში დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ისრაელმა ჰამასზე საჰაერო იერიში პირველად მიიტანა.


10 მაისს სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები ხდებოდა, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა.

დაპირისპირება 11 დღე გაგრძელდა. მთლიანობაში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო. ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვებიც. ისრაელში დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. ჰამასის და ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

ისრაელი და ჰამასი ცეცხლის შეწყვეტაზე 21 მაისს შეთანხმდნენ.

კონფლიქტი მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. დაპირსპირებამდე გავრცელდა ინფორმაცია, იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი დაიბრუნეს. იერუსალმის დღესთან დაკავშირებით იგეგმებოდა დროშებით მსვლელობა, რამაც ქალაქის არაბი მოსახლეობის გაღიზიანება გამოწვია და პოლიციასთან დაპირისპირება გაამწვავა.

კომენტარები