დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ირანი ჰეზბოლას მიერ ისრაელის წინააღმდეგ წინმსწრებ დარტყმას არ გამორიცხავს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰუსეინ ამირაბდოლაჰიანმა დაჯგუფება ჰეზობლას ლიდერ, ჰასან ნასრალაჰთან შეხვედრის მომდევო დღეს ღაზის სექტორში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს აფრთხილებს, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში ჰეზბოლამ და სხვა "წინააღმდეგობის" ძალებმა შესაძლოა ისრაელზე წინმსწრები დარტყმა მიიტანონ.

"ჰეზბოლასთვის ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილება. ბუნებრივია, წინაღმდეგობის ლიდერები არ დაუშვებენ, სიონისტურმა რეჟიმმა ღაზის წინააღმდეგ რაიმე ტიპის მოქმედებები დაიწყოს და როდესაც ღაზასთან მიმართებით თავს მშვიდად იგრძნობს, გადავიდეს რეგიონში წინააღმდეგობის სხვა ტერიტორიებზე. ამრიგად, მომდევნო საათებში, შესაძლებელია ნებისმიერი წინმსწრები ზომების მიღება". – ამბობს ამირაბდოლაჰიანი.

Der Spiegel-ის ინფორმაციით, ისრაელის არმია ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას არ დაიწყებს მანამ, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პარალელურად, როგორც გამოცემა წერს, ისრაელის არმია ღაზის სექტორში აქტიური შეტევითი ოპერაციებისთვის ემზადება. 

ბაიდენის ვიზიტი ისრაელში ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს იგეგმება.

ამავდროულად, Axios-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შაბათს, 14 ოქტომბერს ირანმა გაეროს მეშვეობით ისრაელს შეტყობინება გაუგზავნა და უთხრა, რომ ღაზაში ისრაელის ოპერაციის გაგრძელების შემთხვევაში თეირანს კონფლიქტში ჩარევა მოუწევს.

კომენტარები