ბაიდენის და პუტინის შეხვედრა

ბაიდენმა პუტინს მზის სათვალე და ბიზონის ბროლის სკულპტურა აჩუქა

ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ჟენევაში შეხვედრის დროს მზის სათვალე და ბროლის ბიზონი აჩუქა.

ავიატორის სტილის მზის სათვალე ბაიდენის დამახასიათებელი აქსესუარია. პუტინისთვის მზის სათვალე კომპანია Randolph USA-მ საგანგებოდ დაამზადა.

თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა პუტინს  ბროლისგან დამზადებული ამერიკული ბიზონის ფიგურა აჩუქა. ბიზონი აშშ-ს ეროვნული ცხოველია.

სახელმწიფოების ლიდერებს შორის სამიტებზე საჩუქრების გაცვლა ტრადიციული მოვლენაა.

2018 წელს ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს ფეხბურთის ბურთი აჩუქა და უთხრა, რომ "ახლა ბურთი მის მოედანზე იყო".

ჟენევაში პუტინის და ბაიდენის სამიტი ორ სესიად ჩატარდა. პირველი სესია 93 წუთს გაგრძელდა და მას პრეზიდენტების გარდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ. მეორე სესია 45-წუთიანი შესვენების შემდეგ დაიწყო და 65 წუთს გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. მეორე სესიას ქვეყნის მინისტრები და მრჩევლები ესწრებოდნენ.

ლიდერებმა პრესკონფერენციები სამიტის დასრულების შემდეგ ცალ-ცალკე გამართეს. ბაიდენმაც და პუტინმაც შეხვედრა დადებითად შეაფასეს.

კომენტარები