ნამახვანჰესი

რაზე შეთანხმდნენ ნამახვანის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება – EU მედიაციის შედეგს აქვეყნებს

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული მედიაციის პროცესში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

შაბათს, 13 ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელის, დირკ ბუშლეს ჩართულობით გაიმართა პირველი შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების შორის.

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ინფორმაციით, მხარეები ძირითადად სამ საკითხზე შეთანხმდნენ:  გამჭირვალე და ეფექტური კონტროლი მშენებლობის პირობებთან დაკავშირებით და დამოუკიდებელი ექსპერტის მიმოხილვა, რიონის ტერიტორიაზე დაძაბულობის დეესკალაცია და ღია დებატები საქართველოს მომავალ ენერგოუსაფრთხოებაზე, რომელიც დაფუძნებულია ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმის პროექტის საფუძველზე. 

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის დირექტორის მოადგილე, დირკ ბუშლე, რომელიც ამ მოლაპარაკებების მედიატორია, ამბობს:

"ყველაზე მნიშვნელოვანი და სასწრაფო საკითხია რიონის ხეობაში დაპირისპირების დეესკალაცია. მშვიდობიანი პროტესტი და ხეობაში შესვლა უნდა იყოს შესაძლებელი, ამასთანავე, ჯებირის ორივე მხარეს მოსახლეობის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული. ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობა შესაბამისი ზომების მიღებაა. მან აიღო ვალდებულება, შეცვალოს არსებული ბარიერები და უზრუნველყოს მთავარი მისასვლელი გზა და დაკავებულ პროსტესტანტებზე ინფორმაციის მიწოდება. თავის მხრივ, აქციის მონაწილეებმა აიღეს ვალდებულება, რომ არ დაბლოკავენ მშენებლობასთან მისასვლელ გზას. მნიშვნელოვანია ამ ვალდებულებების შესრულება. მოქალაქეებსა და მთავრობას შორის ნდობის აღსადგენად, ასევე შეუქცევადი ზომებისგან თავის ასარიდებლად, ყველა ჩართულმა მხარემ უნდა გამოიჩინოს აუცილებელი თავშეკავება და მოახდინოს ერთმანეთთან კომუნიკაცია. ეს მედიაციის პროცესის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს".


რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. საპროტესტო აქციები გაიმართა თბილისშიც.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მთავარ მოთხოვნებს შორის არის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება:

  • კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ. გაწყდეს ყველა ხელშეკრულება, რომელიც კომპანია ენკაზე ნამოხვანჰესთან დაკავშირებით 2015 წლის შემდეგ დაიდო.
  • გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა მოსახლეობის აზრი ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით იყოს გათვალისწინებული. გოლეთიანის განმარტებით, მორატორიუმი საჭიროა, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო პრაქტიკის და მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
  • აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის

2 ივნისს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გაავრცელა იმ კვლევების შესახებ, რომლებშიც პროექტის ფინანსურ-ეკონომიკური სარგებლიანობა არის შეფასებული.  

კომენტარები