დაძაბულობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო: აზერბაიჯანულმა მხარემ ჩვენს პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გეღარქუნიქის პროვინციაში აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. 

სამინისტროს ცნობით, დღეს, 10 ივნისს აზერბაიჯანული მხარე კიდევ ერთხელ შეეცადა სასაზღვრო მონაკვეთში საინჟინრო საქმიანობის განხორციელებას, რასაც სომხეთის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა და სომხურმა ქვედანაყოფებმა აზერბაიჯანელებს აღნიშნული საქმიანობის შეწყვეტა აიძულეს. 

საპასუხოდ აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სროლა რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა სომხეთის მხარეს არავინ დაშავებულა.  


12 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, 250-მა აზერბაიჯანელმა სამხედრომ სომხეთის საზღვარი გადმოკვეთა და სიუნიქის რეგიონში 3.5 კილომეტრის სიღრმეზე შევიდა. სევის ტბის მიდამოებში ერთმანეთისგან მცირე მანძილის დაშორებით იმყოფებიან აზერბაიჯანელი და სომეხი სამხედროები. ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა,  ეს პრობლემა მოლაპარაკებების მეშვეობით გადაწყვეტილიყო, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტი იყო.

"ჩვენი პრიორიტეტი ამ საკითხის მოლაპარაკებებითა და დიპლომატიური გზებით გადაჭრაა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია". – თქვა ფაშინიანმა.

13 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა ამ ვითარებასთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას. ამ ორგანიზაციაში პოსტსაბჭოთა სივრცის რამდენიმე ქვეყანა შედის და მისი მთავარი ოფისი მოსკოვშია. 

14 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის სხვა რეგიონშიც გადაკვეთეს საზღვრები და გეღარქუნიქის თავისუფალ ზონაში რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეზე შევიდნენ.

ასევე 14 მაისს სიუნიქის რეგიონის მოვლენებთან დაკავშირებით საუბარი შედგა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და სომხეთის პრემიერმინისტრის თანამდებობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანს შორის. ამავე დღეს, ფაშინიანმა პუტინს სამხედრო დახმარების წერილით მიმართა.

17 მაისს შედგა სატელეფონო საუბარი თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების მრჩეველ ჯეიკ სალივანსა და სომხეთ-აზერბაიჯანის ლიდერებს შორის, ორი ქვეყნის საზღვარზე არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით. სალივანმა მხარეებს საზღვრების დემარკაციისკენ მოუწოდა.

სომხეთ-აზერბაიჯანს საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაში დახმარება რუსულმა მხარემ შესთავაზა. "მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმების ფარგლებში, რუსეთის ფედერაციამ [მათ] შესთავაზა საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამუშაოების დაწყებასა და ჩატარებაში დახმარება". – თქვა რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

ამჟამად სიუნიქის რეგიონში ზოგიერთ გზას რუსი სამხედროები აკონტროლებენ. 

26 მაისს აზერბაიჯანმა სომხეთის ძალები საკუთარი სამხედროების მიმართ 24-26 მაისს საზღვართან ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა.

საპირისპირო ინფორმაცია თქვა სომხურმა მხარემ. მათი მიხედვით, 25 მაისს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გადაკვეთეს სომხური საზღვარი და გეღარქუნიქის რეგიონში შევიდნენ, სადაც ვერინ-შორჟას სოფელში სომეხ სამხედროებთან დაპირისპირების შემდეგ, ცეცხლი გახსნეს. სომხეთის სასაზღვრო დაზვერვის ცნობით, სროლას ერთი სომეხი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ 4 მაისს სიუნიქის რეგიონში რუსეთის 102-ე ბაზის ჯარმა ორი სამხედრო ობიექტი დააფუძნა. სიუნიქი ერთმანეთისგან ყოფს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და მისგან მოწყვეტილ ნახიჩევანის რეგიონს.

 "სიუნიქის რეგიონში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ორი გამაგრებული პუნქტი დაფუძნდა. ეს არის დამატებითი უსაფრთხოების გარანტია არა მხოლოდ სიუნიქის რეგიონის, არამედ მთელი სომხეთისთვის". – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა. 

ასევე, აპრილში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთს ზანგეზურის კორიდორის ძალით გაყვანით დაემუქრა. მისი შექმნის შემთხვევაში ის სიუნიქის რეგიონში გაივლის და ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან დააკავშირებს.

"ზანგეზურის კორიდორის შექმნა ჩვენს ეროვნულ, ისტორიულ და სამომავლო ინტერესებს სრულად უპასუხებს. ჩვენ შევქმნით ზანგეზურის კორიდორს, სურს ეს სომხეთს თუ არა. თუ მოისურვებს, მარტივად გადავწყვეტთ, თუ არ მოისურვებს – ძალით გადავწყვეტთ. ისე, როგორც ომამდე ვამბობდი, რომ საკუთარი კეთილი ნებით უნდა დაეტოვებინათ ჩვენი მიწები ან ძალით გავყრიდით. ასეც მოხდა. ზანგეზურის ბედიც ასე გადაწყდება". – თქვა ილჰამ ალიევმა.

2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულდა. აზერბაიჯანმა ყარაბაღში კონტროლი აღადგინა რამდენიმე რეგიონზე. სამშვიდობო შეთანხმება მხარეებს შორის რუსეთისა და თურქეთის შუამავლობით შედგა. ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, სიტუაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უშუალოდ მათ საზღვრებზე დაიძაბა.

 

კომენტარები