დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთის მოქმედი პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთს სამხედრო დახმარებას სთხოვს

ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმირ პუტინი
TASS

სომხეთის მოქმედმა პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართა სამხედრო დახმარებისთვის. 

"პრეზიდენტს სამხედრო დახმარებისთვის მივმართე, ვინაიდან აზერბაიჯანს დაპირებული 250 სამხედრო ჯერ კიდევ არ გამოუყვანია სომხეთის სამხრეთ სიუნიქის რეგიონიდან". - ამბობს ნიკოლ ფაშინიანი. 

12 მაისს, სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, 250-მა აზერბაიჯანელმა სამხედრომ სომხეთის საზღვარი გადმოკვეთა და სიუნიქის რეგიონში 3.5 კილომეტრის სიღრმეზე შევიდა. 

აღსანიშნავია, რომ 4 მაისს სიუნიქის რეგიონში რუსეთის 102-ე ბაზის ჯარმა ორი სამხედრო ობიექტი დააფუძნა. სიუნიქი ერთმანეთისგან ყოფს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და მისგან მოწყვეტილ ნახიჩევანის რეგიონს.

"სიუნიქის რეგიონში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ორი გამაგრებული პუნქტი დაფუძნდა. ეს არის დამატებითი უსაფრთხოების გარანტია არა მხოლოდ სიუნიქის რეგიონის, არამედ მთელი სომხეთისთვის". – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა. 

ასევე, გასულ თვეში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთს ზანგეზურის კორიდორის ძალით გაყვანით დაემუქრა. მისი შექმნის შემთხვევაში ის სიუნიქის რეგიონში გაივლის და ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან დააკავშირებს.

"ზანგეზურის კორიდორის შექმნა ჩვენს ეროვნულ, ისტორიულ და სამომავლო ინტერესებს სრულად უპასუხებს. ჩვენ შევქმნით ზანგეზურის კორიდორს, სურს ეს სომხეთს თუ არა. თუ მოისურვებს, მარტივად გადავწყვეტთ, თუ არ მოისურვებს – ძალით გადავწყვეტთ. ისე, როგორც ომამდე ვამბობდი, რომ საკუთარი კეთილი ნებით უნდა დაეტოვებინათ ჩვენი მიწები ან ძალით გავყრიდით. ასეც მოხდა. ზანგეზურის ბედიც ასე გადაწყდება". – თქვა ილჰამ ალიევმა.

კომენტარები