საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

ლევან სუთიძე: ბავშვები, სექსუალური მანიპულაცია და შანტაჟი ეკლესიაში

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

ლევან სუთიძე: ბავშვები, სექსუალური მანიპულაცია და შანტაჟი ეკლესიაში

ორი წლის წინ ერთმა ეპისკოპოსმა სახლში დამპატიჟა. დამპატიჟა რა, მიბრძანა, გამოდი ჭორები უნდა მოგიყვეო. ეპისკოპოსებმა კი იციან ვინ ვარ, მაგრამ რა ქნან, ჩვევაში აქვთ და ხანდახან უნებლიედ მბრძანებლობენ.

ყველა ჭორი რომ გაილია, ცოტა დავლიეთ და ხასიათზე მოვედით, გამომწვევად ვეკითხები:

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, რატომ აქვს ჩვენ გარშემო ამდენ მღვდელს, ამდენი ვენერიული დაავადება?!

იმან ცოტა მოსვა, ჭერს ახედა, ხმა დაიბოხა და მიპასუხა: 

ღმერთს ნუ სცოდავ, ლევან, რა თქმა უნდა, სტომატოლოგიური კაბინეტიდან.

ამის თქმა იყო, ქვევიდან ამოვხედე და მივაჩერდი. 

შემდეგ ორთავეს სიცილი წაგვსკდა. 

სანამ მთავარზე გადავალ, ის ანეკდოტიც სახსენებელია, ორი კარდინალი რომ ეკითხება ერთმანეთს, მოვესწრებით კი ოდესმე ცელიბატის გაუქმებას და ქორწინების დაშვებასო?

ჩვენ ვერა, მაგრამ ჩვენი შვილები მოესწრებიანო - პასუხობს მეორე.

იმას ვამბობ, რომ აღთქმათა გატეხვა ეკლესიაში, ისეთივე კლასიკაა, როგორც მათი საზეიმო წარმოთქმა.

ერთი ისაა, რომ პროფესიული ბუნებიდან გამომდინარე ეს ძვირი ჯდება, გაზიანებს და საიდუმლოს შენახვისთვის, საბოლოოდ, შესაძლოა, ბევრი იკადრო. 

განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს აღთქმები უმწიფარ ასაკში წარმოთქვი. უქორწინებლობისა რომც არ დაგედო, მაგრამ გაშმაგებული სისწრაფით მოგეყვანა ცოლი, არიქა, მღვდლობა დავაჩქაროო, გაივლის დრო და მიხვდები, რომ შავებში შემოსვა და ძველქართული შაირი ვნებებს არ ახშობს და ზოგჯერ აფეთქებს კიდეც. 

ერთ საღამოს, რომელიმე ლიკა რომ აღსარებას გიამბობს ტაძრის ეზოში, შესაძლოა, ჩვეულებრივზე მეტი დრო დაუთმო იმ სიძვის დეტალების გამოკითხვას, რომლითაც იგივე ლიკა ვინმე კახასთან ცდუნებულა ამ რამდენიმე კვირის წინ სრულიად უნებლიედ და ამ საუბრისას ტანით იგრძნო, რომ ჯერ კიდევ მსუბუქ, ცოდვანარევ სილუეტებად წვეულ ფანტაზიას უჩვეულო სიტკბო აღმოაჩნდა. 

ყოველ შემდეგ ჯერზე, მეტი ჩაკირკიტება, მეტი ჩაკითხვა და უფრო ღრმად შესვლა გინდება - გააჩნია, რამდენად გულუბრყვილოა ლიკა და რამდენად კეთილსინდისიერი ხარ თავად. 

და თუ მღვდელი ხარ და თან დღევანდელ საქართველოში, პრაქტიკა მოწმობს, რომ დიდი ალბათობით კეთილსინდისიერი იშვიათად ხარ. 

აქ ლიკა ვთქვით, თორემ თავისუფლად შეიძლება მის ადგილას ყოფილიყო იგივე კახაც, რაც სიტუაციას ამძიმებს, იმ აზრით, რომ თუ გამხელენ, მეტს კარგავ - მეტს იმიტომ კარგავ, რომ ჰომოფობიას ქადაგებ და რომ ქადაგებ, გიჯერებენ ისინი, ვისიც შემდეგ სიკვდილზე მეტად გეშინია. 

კაცმა რომ თქვას, აქ ხომ შენც იმიტომ მოხვდი, რომ ჰომოფობიას სხვები ქადაგებდნენ და უკეთესი გზა ვერ ნახე. 

იყენებ თუ არა - შენ ეს ძალაუფლება გაქვს და იცი, რომ გაქვს. იცი, რომ იმაზე ადვილად შეგიძლია სექსს გამორჩე, ვიდრე სხვა. 

ამისთვის არსენალში მრავალი და ეკლესიასავით ძველი მეთოდი გაქვს. 

აღსარების საიდუმლოს მსმენელი ასობით და ათასობით მღვდელი, ყოველდღიურად, სულ უფრო მეტად არის ინფორმირებული მრევლის პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ. მათ იციან - ვის რას შეიძლება გამორჩე და როგორ. ბოროტმოქმედნი უმცირესობაშიც რომ იყვნენ - ეს ბევრს არაფერს ცვლის, თითო მღვდელმა წელიწადში ათობით და ასობით აღსარება შეიძლება მოისმინოს. ეს ათობით, ასობით და ათასობით პოტენციურ მსხვერპლს ნიშნავს.

და უმცირესობაშიც რომ იყვნენ, კოლეგების უმრავლესობა ამაზე ხმას მაინც არ ამოიღებს და ვინც ამოიღებს, გაირიყება.

აქ განსაკუთრებით მოწყვლადები ქალები, ჰომოსექსუალი მამაკაცები, ფსიქიკური გამოწვევების მქონე ადამიანები და ბავშვები არიან. 

წლების განმავლობაში სასულიერო დასის არაერთი წარმომადგენელი აშანტაჟებდა, ზემოქმედებდა ან ატყუებდა არაერთ მორწმუნეს.
 
შენ მე უარს როგორ მეუბნები, ქმარს ხომ უღალატე, გინდა გაიგოს?! - ასეთებიც არ არის იშვიათი.
 
შანტაჟი გულისხმობს როგორც აღსარების გათქმის მუქარას, ისე მორწმუნის სუსტი ნებისყოფის ამოცნობის შემდეგ, მისით სხვაგვარ მანიპულირებას.

სექსუალური ხასიათის ზეწოლა და გამორჩენა შეიძლება გახვეული იყოს მისტიკურ-ეზოთერიკულ საბურველშიც. ასეთ დროს იერარქი მორწმუნეს ეუბნება, რომ მასთან სექსუალური კავშირის დამყარებით შესაძლებელია გარკვეული მაგიური სარგებლის მიღება - იქნება ეს კურნება, წარმატება, ინიციაცია თუ სხვა (იხ. მამა გაბრიელის ყოფილი სულიერი შვილის მონათხრობი). 

ხშირია, უბრალოდ მოქრთამვაც, როცა უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს ეხება საქმე.

ეკლესიაში ასეთ ამბავსაც გაიგებთ - ერთხელ, ერთი მამაკაცი მიჰგვარეს ერთ იერარქს საძინებელში. 

ეს "მირქმა" - ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომელსაც როგორც წესი იერარქის უახლოესი გარემოცვა უზრუნველყოფს.

მიჰგვარეს და კარი გამოუხურეს. 

გამოსულა იერარქი აბაზანიდან შიშველი და უთქვამს: მომეფერეო. 

არ გამართლებია იერარქს, მსხვერპლის შერჩევისას მისი გარემოცვა შემცდარა, ეს მსხვერპლი სრულებით არ გამსხვერპლებულა და ბრაზით უპასუხია:

რას მეუბნებით, ნორმალური ხართო?!

უცბად იერარქი გააცნობიერებს, რომ საფრთხის წინაშე დგას და ამაღელვებლობამდე დახვეწილი მანიპულაციას სცდის:

შეხედე, როგორ გვაცდუნა სტანამო?!

ეს მსხვერპლობის კანდიდატი გამჭრიახიც აღმოჩენილა, არ დაბნეულა და მიუგია:

გვაცდუნა?! რა ვიცი, მგონი თქვენ გაცდუნათ, მე არაფერ შუაში ვარო. 

ადგილზე კი არ იქცა მსხვერპლად, მაგრამ შემდეგ უცემიათ, ცემის შემდეგ ფული მიუციათ, ამას ფული არ აუღია და კვლავ უცემიათ, საბოლოოდ დამუქრებიან და ისიც მიუყოლებიათ, ხომ იცი, მაინც არავინ დაგიჯერებს და თავი არ გაიფუჭოო.

მანიპულაცია მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ არ ხდება, მსხვერპლი შესაძლოა თვეების განმავლობაში "შემზადდეს".

სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო მრავალფეროვანი იყოს.

ისეთებიც გაგვიგია, როცა ფსიქიკური გამოწვევების მქონე პირის კურნებისთვის, მაშასადამე, ეშმაკის გამოდევნისთვის, ძალიან დიდი სიახლოვე გამხდარა საჭირო "ეგზორცისტსა" და "შეპყრობილს" შორის და კვეთებულის ლოცვას, მიუღია, ამ სიტყვის ძალიან არამეტაფორული განხორციელება. 

უნდა ითქვას, რომ მსგავს მანიპულაციებს მიმართავენ როგორც ჰომოსექსუალი ისე ჰეტეროსექსუალი სასულიერო პირები. ახალგაზრდებიცა და მოხუცებიც. 
 
მოხუცების ხსენება აბნევთ ხოლმე, აბა როგორო, როცა სექსუალური ხასიათის ქცევაა უხერხული ჩახუტებაც, კოცნაც, გენიტალიებზე შეხებაც და ბევრი სხვა. 

ბავშვები? ბავშვები აქ განსაკუთრებით მოწყვლადები არიან.

ისინი მოძალადე კლერიკოსისთვის კიდევ უფრო ადვილ სამიზნეს წარმოადგენენ. 

მოხდება თუ არ მოხდება - რისკი მშობლის სახლში მცხოვრები ბავშვისთვისაც დიდია.

და განსაკუთრებით იზრდება, თუ ისინი მთლიანად არიან დამოკიდებულები საეკლესიო სააღმზრდელო სივრცეებზე. 
 
და კიდევ უფრო იზრდება, თუ ამ სააღმზრდელო სივრცეებში დადიან ისინი, ვინც ჯგუფური გაუპატიურებით საჯაროდ ემუქრებოდა ქალს, ან ისინი, ვინც ეპარქია დატოვეს არასრულწლოვანი გოგოს ოჯახის მხრიდან წარმოთქმული ბრალდების შემდეგ, ბავშვზე სექსუალური ძალადობა სცადაო - სცადაო რა, აქ მცდელობაც ხომ ძალადობაა. 

რისკები კიდევ უფრო იზრდება, თუ ეკლესია რომელსაც ბავშვები აბარია, ამ იერარქს კვლავ იერარქად ტოვებს. 
 
და არა მხოლოდ ტოვებს, გახმაურების შემდეგ ის უბრალოდ გადაჰყავდა თბილ ადგილას გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში, მაგრამ ადგილობრივი მღვდლები აჯანყდნენ.

დამნაშავე რომც არ იყოს, ეკლესიას და სახელმწიფოს ეს საკითხი არ გამოუძიებიათ.
 
რისკები კიდევ უფრო იზრდება, თუ ამ დაწესებულების სასულიერო პირები შემჩნეულნი არიან ესქატოლოგიურ და აპოკალიფტურ მანიპულაციებში, სიზმრებით თვითმისტიფიკაციასა და ავტორიტეტის ამგვარად დამკვიდრებაში.

რისკები იზრდება და დასტურდება, როცა ამ დაწესებულების ყოფილი მკვიდრნი ჯოჯოხეთს აღწერენ და ასეთივე ჯოჯოხეთური ბრალდებით მიმდინარეობს გამოძიებაც - რომელზეც აქამდე არაფერი ვიცოდით.

რისკები კიდევ უფრო იზრდება, როცა ეს კარი კვლავ ჩაკეტილია, ხოლო საპროტესტო აქციაზე ოცდაათი კაცი დგას.
 
რისკები ისედაც დიდია, როცა ეკლესიის უმაღლესი იერარქია საჯაროდ არის დადანაშაულებული სექსუალურ შევიწროვებაში, ასევე უმაღლესი იერარქიის მხრიდან.
 
რისკები ჯოჯოხეთურია, როცა მედია ამაზე წლობით დუმს და საბოლოოდ, სრული სიმართლის თქმას, ახლაც რთულად ბედავს. 

ეს ჯოჯოხეთი თავის თავს ვერ დაიტევს და ამ სისტემას შეიწირავს, მაგრამ იქამდე მრავალი ადამიანის ცხოვრება შეიძლება განადგურდეს. 

ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ.

კომენტარები