10 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში, სამთავრობო პროპაგანდის კვალად, დეკანოზი შალვა კეკელია აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციას კუბოზე გამოსახული ფიგურით ცდილობს - რომელსაც იგი მაცხოვარს უწოდებს.
"გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთაველზე, აქციის მიმდინარეობისას, მომხდარ შემზარავ ფაქტს. ახალგაზრდებმა გამოიტანეს და დაწვეს კუბო, რომელზეც გამოხატული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
მართლმადიდებელი ეკლესია ემზადება ქრისტეშობის დღესასწაულისთვის, რაც გულისხმობს ჩვენი გულების განწმენდას, რათა მასში იშვას უფალი. მომხდარი კი არის საშინელი ღვთისგმობა და ნებსით თუ უნებლიედთ ეშმაკის მსახურება. ასე იქცეოდნენ ეკლესიის მტრები და ღვთისმგმობელები ხატმებრძოლობის და კომუნისტების პერიოდში, ინგრეოდა ტაძრები და წვავდნენ ხატებს. ახალგაზრდებს ვთხოვთ შეინანონ ეს გმობა და მიუხედავად დაძაბული ვითარებისა არ ჩამოშორდნენ მაცხოვარს მსგავსი მიუღებელი ქმედებებით." - წერია თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის გავრცელებულ განცხადებაში.
9 დეკემბერს გამართულ აქციაზე, მომიტინგეებმა პარლამენტთან დადგმულ ნაძვის ხესთან კუბო მიიტანეს, სადაც ბიძინა ივანიშვილის გამოსახულება იყო მოთავსებული და დაწვეს.
სამთავრობო პროპაგანდისტულმა ტელეკომპანია იმედმა საკუთარ გვერდზე 10 დეკემბერს აქციის მონაწილეების მიერ კუბოს დაწვის ვიდეო გამოაქვეყნა და დააწერა, რომ "მომიტინგეებმა პარლამენტის წინ დაწვეს კუბო, რომელზეც იესო ქრისტე იყო გამოსახული."