საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქო: ივერიის ღვთისმშობლის ხატის სტელა ვატიკანში დაიდგა

საქართველოს საპატრიარქო

28 ნოემბერს ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სტელა დაიდგა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი  და ვატიკანში საქართველოს ელჩი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ცერემონიას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, მათ შორის იყვნენ: საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე, საქართველო საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის სამსახურის ხელმძღვანელი, საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი დათუაშვილი და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

საპატრიარქოს ცნობით, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლის გამოსახულებისთვის თანხები მთლიანად საქართველოს მთავრობამ გამოყო და ხელი შეუწყო 28 ნოემბერს ვატიკანში სტელის განთავსებას.

საქართველოს საპატრიარქომ გამოაქვეყნა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ რომის პაპ ფრანცისკესთვის გაგზავნილი წერილი:

მის უწმიდესობას,  პაპ ფრანცისკეს

თქვენო  უწმინდესობავ,

ღრმა პატივისცემითა და ძმური სიყვარულით მოგესალმებით თქვენ და აქ შეკრებილ საზოგადოებას და სიხარულით აღვნიშნავ, რომ დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმ მეგობრული და ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობისა, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ვატიკანის სახელმწიფოს, საქართველოს ეკლესიასა და რომის საყდარს შორის უძველესი დროიდან ჩამოყალიბდა;  ჩვენს ეპოქაში კი პაპ იოანე-პავლე II-ის მოღვაწეობისას განახლდა, ხოლო თქვენს პერიოდში ამ დამოკიდებულებამ კიდევ უფრო მეტი სიღრმე შეიძინა.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ თქვენი ვიზიტის მნიშვნელობას 2016 წელს  საქართველოში და მიმდინარე წელს სიქსტეს კაპელაში თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის გუნდის გამოსვლას. ამ ორივე ფაქტმა მსოფლიო რეზონანსი შეიძინა.

ახლა კი საქართველოს მთავრობის სახელით თქვენდამი მოძღვნილი საჩუქარი, - ათონის წმ.მთის ივერონის მონასტრის და საქართველოს მფარველის, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, მოზაიკური სტელა ვატიკანის ტერიტორიაზე იდგმება!

ეს ახალი ფურცელი,  ისტორიული დღე და თარიღია ჩვენი ქვეყნებისა და ეკლესიების ურთიერთობაში! მადლობა ყველას და მადლობა ჩვენს ელჩს, ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონს, გაწეული შრომისათვის.

შევნიშნავთ იმასაც, რომ მოზაიკის სტელის შექმნაზე იმუშავეს საქართველოს ეკლესიის სამმა წარმომადგენელმა, რომელთა შორის არის ბატონი ამირან ბაკურაძეც. წლების წინ მოზაიკის სპეციალობას იგი თქვენთან, ვატიკანში, დაეუფლა და სამშობლოში დაბრუნდა; საქართველოში კი უკვე არაერთი ტაძარი განამშვენა.

თქვენო უწმინდესობავ, სასულიერო დასის წარმომადგენელნო, დანო და ძმანო, რომში და, საერთოდ, იტალიაში მცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო, მჯერა დღეს ხარობენ ძმები, - წმ. პეტრე მოციქული და წმ.ანდრია პირველწოდებული, - ჩვენს ეკლესიათა საფუძველდამდებნი.

შევთხოვ მათ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დაიცვან ჩვენი ქვეყნები, ჩვენი ეკლესიები და ხალხები და მშვიდობით აკურთხონ ისინი. დაე, მათი მეოხებით და ღვთის წყალობით მშვიდობამ დაისადგუროს ახლო აღმოსავლეთშიც, უკრაინასა და მთელ მსოფლიოში.

ვიცით, რომ მრავალი ადამიანი ლოცულობს და იღვწის ამისთვის. საყოველთაოდაა ცნობილი თქვენი ზრუნვაც სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობისათვის.

ვიმედოვნებთ, ეს ღვაწლი, ეს მცდელობები თავის შედეგს გამოიღებს.

ჩვენი მომართვა კი წმ.დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით მინდა დავასრულო: ,,შენ ხარ ჩემი ლამპარი, უფალო. უფალი განმინათლებს ბნელს.“

ინებოს ყოვლადწმინდა სამებამ, რომ თვისი ტახტი დაიდგას ჩვენს გულებში და ყველას განგვინათლოს ბნელი.

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

კომენტარები