ეკონომიკა

ღარიბაშვილი: ძალიან მოსალოცი ამბავია, დაწყებულია ეკონომიკის სწრაფი აღდგენა

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აპრილის თვის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ 44.8%-იან ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა, ხოლო ფულადი გზავნილები 144%-ით.

"მოგეხსნებათ, რომ დღეს გამოქვეყნდა აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც არის უპრეცედენტოდ მაღალი, კერძოდ, აპრილში დაფიქსირდა 44.8% ზრდა.

იანვარ-აპრილის საშუალო ზრდა გამოვიდა 8%-ზე მეტი, 8.1%, რაც არის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია. გასული წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკაში ძალიან დაბალი კლება გვქონდა, ეს გასაგებია.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ წელს ეკონომიკა გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით გაიზრდება, ვიდრე ჩვენს წინა პროგნოზებში გვქონდა ნავარაუდევი.

განახლებული მაჩვენებლები გაცილებით უფრო პოზიტიურია. რამდენიმე მაგალითი მინდა, რომ მოგიყვანოთ. კერძოდ, აპრილში, ექსპორტი გაიზარდა 70%-ით, ფულადი გზავნილები - 144%-ით და ძალიან პოზიტიურია, რომ ბიუჯეტის შემოსავლების დინამიკა არის ასევე ძალიან დამაჯერებელი და ოპტიმისტური". – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრმა ასევე ისაუბრა ტურიზმის აღდგენაზე და ხაზი გაუსვა, რომ ხვალიდან, სახმელეთო საზღვრების გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით.

"ჩვენ ველოდებით ტურიზმის სწრაფ აღდგენას. ბუნებრივია, რომ ხვალიდან, სახმელეთო საზღვრების გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ჩვენი ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით. დღეს წარმოდგენილი ახალი ფისკალური გეგმები ითვალისწინებს ბიუჯეტის დეფიციტის 7.1%-მდე შემცირებასაც. ამაზე უფრო დეტალურად ბატონი მინისტრი მოგვახსენებს.

აქვე მინდა ვთქვა, რომ აუცილებელია აღინიშნოს პოლიტიკური სტაბილურობის როლი ეკონომიკურ ცხოვრებაში. პოლიტიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კერძო სექტორისთვისაც, ინვესტორების მოზიდვისთვის ჩვენს ქვეყანაში. დაახლოებით, ერთი თვის წინ განთავსებული ევრობონდები, მოგეხსენებათ, ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით ინვესტორთა ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა. ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ დაწყებულია ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა და ეს არის ძალიან მოსალოცი ამბავი". – თქვა ღარიბაშვილმა.

საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა აპრილში 44.8%-ით გაიზარდა, თუმცა ეს იმის ფონზე, რომ გასული წლის ამავე პერიოდში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა.

თუ რა ფაქტორებითაა გამოწვეული ეკონომიკის 44.8%-იანი ზრდა, იხილეთ საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის განმარტება აქ

დღესვე ფინანსთა სამინისტრომ 2021 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 4.3%-დან 6.5%-მდე გაზარდა.

ჯერ-ჯერობით პროგონოზი არ შეუცვლია საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომელიც წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ვარაუდობს.

პროგნოზი ჯერ არც საერთაშორისო ორგანიზაციებს შეუცვლიათ. ბოლო მონაცემებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3.5% იქნება. წინა პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 4.3% უნდა ყოფილიყო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემდეგ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს აზიის განვითარების ბანკმაც (ADB) შეამცირა. პანდემიის შეკავების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ხარჯზე, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 3.5%-ით არის მოსალოდნელი, მაშინ როდესაც 2020 წლის აპრილში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით უნდა გაზრდილიყო.   

კომენტარები