IMF

IMF-ის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5%-ის ნაცვლად 4.3% იქნება

Bloomberg

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5% უნდა ყოფილიყო, თუმცა ერთი თვის შემდეგ, IMF-ის პროგნოზი 4.3%-მდე შემცირდა. 

IMF-ის განცხადების თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვის ზრდასთან და რეგიონში პოლიტიკური ვითარების გამწვავებასთანაა დაკავშირებული.

"მოსალოდნელია, რომ პანდემიის ეფექტების შემცირებასთან ერთად ეკონომიკური ზრდა 2021 წლისთვის 4.3% იქნება, თუმცა ამ პროგნოზს მნიშვნელოვანი დაღმავალი რისკებიც ახლავს თან. მსოფლიოს ეკონომიკის პერსპექტივის (WEO) 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის რევიზია გამოწვეულია რეგიონში კონფლიქტებით და საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდით". – წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, IMF-ის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად 2021 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 5.1%-იდან 7.6%-მდე გაიზარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავრობა მომდევნო წელს იმაზე მეტი ვალის აღებას გეგმავს, ვიდრე ბიუჯეტის პირველად პროექტში იყო განსაზღვრული. შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო ვალი კანონით განსაზღვრულ 60%-იან ნიშნულს გადააჭარბებს. 

 

კომენტარები