ეკონომიკა

"რამდენჯერმე გაიზარდა ცემენტის წარმოება" – რას უკავშირდება ეკონომიკის 44.8%-იანი ზრდა

საქსტატი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წლის აპრილში 44.8%-ით გაიზარდა, პირველ 4 თვეში კი – 8.1%-ით.

ეკონომიკურ ზრდის გამომწვევ ფაქტორებზე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ისაუბრა. როგორც თოდრაძემ აღნიშნა, ზრდა რამდენიმე ფაქტორითაა განპიროებებული. პირველ რიგში, ეს უკავშირდება წინა წლის აპრილში 16.6%-იან ეკონომიკურ ვარდნას, მეორეს მხრივ კი მიმდინარე წლის აპრილში რიგ ეკონომიკურ საქმიანობებში ზრდის ტენდენციას.

"დავიწყებ იმით, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში, მოგეხსენებათ, ეკონომიკის ვარდნა იყო, დაახლოებით, 16.6%, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია. მეორე - წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთელ რიგ მიმართულებებში შეინიშნებოდა ზრდის ტენდენცია. ზრდის ტენდენცია გამოვლინდა ექსპორტის და იმპორტის მიმართულებით, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებში.

როგორც გითხარით, აქ რამდენიმე დომინანტი დარგი უნდა გამოიყოს. პირველი გახლავთ დამამუშავებელი მრეწველობა, სადაც ზრდა, ძირითადად, დაკავშირებული იყო მეტალურგიასთან. ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი კვების პროდუქტების წარმოება, სასმელების წარმოება, სამშენებლო პროცესების გააქტიურების პარალელურად, რამდენჯერმე გაიზარდა სამშენებლო მასალების, მათ შორის, ცემენტის წარმოება, რამაც დადებითი წვლილი შეიტანა დამამუშავებელ მრეწველობაში. მშენებლობის დარგში ეს დაკავშირებულია არამხოლოდ შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან, არამედ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა სპეციალიზებული და სამოქალაქო სამუშაოები, როგორიცაა წყალგაყვანილობის, ჰაერის კონდიცირების და ელექტროტექნიკური სამუშაოები.

გარდა ამისა, წარმოიდგინეთ, გარკვეული რეაქციული კავშირი არსებობს სხვადასხვა მოვლენას შორის - გაიზარდა საგარეო სავაჭრო ბრუნვა? შესაბამისად, გაიზარდა და ეს აისახა ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებაზე და დასაწყობებაზე, რამაც ამ სექტორში დადებითი წვლილი იქონია, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მობილობა საკმაოდ დაბალი იყო, მიუხედავად ამისა, მაინც ზრდა გვაქვს სამგზავრო ტრანსპორტის ფუნქციონირების მიმართულებით. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდაში ძირითადი წვლილი შეიტანა სატვირთო ტრანსპორტის ფუნქციონირებამ.

51%-ით გაიზარდა გამოშვება საფინანსო და სადაზღვევო კომპანიების სექტორში, რაც დადებითი წვლილის მქონეა და ასევე, უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო არასაცხოვრებელი უძრავი ქონების იჯარით გაცემასთან და მის მართვასთან. 

ვაჭრობასთანაც მნიშვნელოვან კავშირშია ის, რომ თუ სამშენებლო პროცესი გააქტიურდა, სამშენებლო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობა გაიზარდა. ვაჭრობის დარგზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ავტომობილებით ვაჭრობამ, იმპორტი 86%-ით გაიზარდა და რეექსპორტი, დაახლოებით, 6-ჯერაა გაზრდილი". – თქვა გოგიტა თოდრაძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3.5% იქნება. საქართველოს ეროვნული ბანკი კი მიმდინარე წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას პროგნოზირებს.

კომენტარები