ნამახვანჰესი

ვარლამ გოლეთიანი: დაკავებულია ჩვენი ორი თანამებრძოლი

რუსთავი 2

ნამახვანჰესის აშენების წინააღმდეგ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ სოფელ გუმათში, პოლიციასთან დაპირისპირების დროს 2 აქტივისტი დააკავეს. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში თქვა. 

"ცოტა ხნის წინ იყო პოლიციასთან შეხლა-შემოხლა, დაკავებულია ჩვენი ორი თანამებრძოლი. ყოველდღიურად ვართ აი ამ რეჟიმში. 216 დღეა აქ ვართ და არაერთხელ დაგვარბია სპეცრაზმმა.  არაერთხელ ყოფილა დაპირისპირება, უკიდურესად გადაღლილები ვართ, მაგრამ ის, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე მისაყვანია, გვაძლებინებს".- ამბობს ვარლამ გოლეთიანი. 

ტაბულა ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს და ინფორმაციას  მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ჰესის მშენებლობის ადგილზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ, რასაც მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.


რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

კომენტარები