ნამახვანჰესი

გოლეთიანი: თანამებრძოლებმა შემოვლითი გზით სცადეს გადასვლა, სპეცრაზმი გაეკიდა, გამოაბრუნეს

ვარლამ გოლეთიანი
ტვ.პირველი

სოფელ გუმათში კვლავ ხმაურია. ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეები რკინის ბარიკადებს კვლავ ხელს ურტყამენ და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს.  აქციის მონაწილეებმა ხეობაში მოხვედრა ტყის ბილიკის გამოყენებით სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა. 

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი TV პირველთან საუბარში ამბობს, პროტესტს ყოველდღიური სახე აქვს და მანამდე გაგრძელდება, სანამ ბარიკადებს არ აიღებენ და მოთხოვნები არ შესრულდება. 

"ამ ბარიკადს აქვს აბსოლუტურად სიმბოლური მნიშვნელობა კომპანიისთვის და ხელისუფლებისთვის, ამიტომ ის, რომ თითქოს ჩვენ სადმე ვიჭრებით აქ გადასვლით, არის აბსოლუტური ტყუილი, უბრალოდ გზაზე, ჩვენი სახლების მიმართულებით გვინდა გადაადგილება, ამის უფლება არ გვეძლევა უკვე დიდი ხანია და შემოვლითი გზით დააპირეს გადასვლა ჩვენმა თანამებრძოლებმა, გაეკიდა მათ სპეცრაზმი ტყეში, დააკავეს და გამოაბრუნეს უკან და შემდეგ მოხდა აქ დარჩენილების მიწოლა პოლიციის მიმართ".- ამბობს ვარლამ გოლეთიანი. 


რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

კომენტარები