რამან პრატასევიჩის დაკავება

აშშ ბელარუსის მთავრობის წევრებისთვის სანქციების დაწესებითვის ევროკავშირთან ითანამშრომლებს

აშშ ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობის წევრებისთვის წერტილოვანი სანქციების დასაწესებლად ევროკავშირთან ითანამშრომლებს. სანქციები დაკავშირებულია მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებასა და ბელარუსი ჟურნალისტისა და აქტივისტის რომან პროტასევიჩის დაკავებასთან.

თეთრი სახლის პრესმდივანმა იენ საკიმ 23 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარების საჭიროებაზე ილაპარაკა. იენ საკის შეფასებით, თვითმფრინავის იძულებითი დაშვება "საერთაშორისო ნორმების პირდაპირი შეურაცხყოფაა".

ახალი სანქციების პარალელურად, ეკონომიკური სანქციები, რომლებიც ვაშინგტონმა ბელარუსის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ საწარმოებს აპრილში ხელახლა დაუწესა, 3 ივნისს შევა ძალაში.

თეთრი სახლის განმარტებით, ევროკავშირთან თანამშრომლობით აშშ გეგმავს, წერტილოვანი სანქციები დაუწესოს ლუკაშენკოს რეჟიმის მნიშვნელოვან მაღალჩინოსნებს, მათ, ვინც "მხარს უჭერს კორუფციას, ადამიანის უფლებების დარღვევას და დემოკრატიაზე შეტევას".

თეთრმა სახლმა აშშ-ს მოქალაქეებისთვის ოფიციალური რეკომენდაცია გასცა, არ იმოგზაურონ ბელარუსში და გააფრთხილა ამერიკული ავიახაზები, უკიდურესი სიფრთხილე გამოიჩინონ იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებას გეგმავენ.

ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან თავშეკავებისკენ ევროპულ კომპანიებს ევროკავშირიც მოუწოდებს.


23 მაისს პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რომან პროტასევიჩი დააკავეს. ბელარუს ჟურნალისტთან და ოპოზიციონერ აქტივისტთან რომან პროტასევიჩთან ერთად მინსკში მისი მეგობარი გოგონა, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავეს. საპეგა ორი თვით არის დაპატიმრებული.

25 მაისს ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Ryanair-ის ბორტზე ბომბის შესახებ შეტყობინება ჰამასისგან მიიღო. უწყების გავრცელებული წერილის თანახმად, ჰამასი ისრაელისგან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავი ვილნიუსის თავზე აფეთქდებოდა.

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ბელარუსის ბრალდება უარყო.

თვითმფრინავის იძულებით დასმას და პროტასევიჩის დაკავებას აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.ევროკავშირმა ბელარუსს ასევე შეუჩერა 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი. უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს დიდ ბრიტანეთშიც. გაერთიანებულმა სამეფომ რომან პროტასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას საქმიანობის ნებართვა შეუჩერა.

გარდა ამისა ევროპული საბჭო ზომებს იღებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვისთვის.


რომან პროტასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პროტასევიჩი სტეპან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პროტასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პროტასევიჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაში შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რომან პროტასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები