ნამახვანჰესი

გოლეთიანი: დღესაც იქნება ის ხმაური, რაც გუშინ იყო, მთელი ღამის განმავლობაში იქნება ხმაური

ტაბულა

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ  სოფელ გუმათში აღმართულ ბარიკადებზე ხელების დარტყმასა და ხმაურს დღესაც გეგმავენ. 

მისი თქმით, ხვალიდან, აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ მშენებლობის ადგილი მოინახულონ, რათა დარწმუნდნენ, რომ სამუშაოები არ მიმდინარეობს. 

"რა თქმა უნდა, ამ პროტესტს გავაგრძელებთ იმ ფორმით, რაც გუშინ ვთქვით და დღესაც იქნება ის ხმაური, რაც გუშინ იყო, მათ შორის, მთელი ღამის განმავლობაში იქნება აუცილებლად.

რაც შეეხება ხვალინდელ გეგმას, ჩვენ რაღაც ინფორმაცია მოგვივიდა, რომ სამუშაო შეჩერებულია, ანუ კომპანიას დღეს არ უმუშავია. სამწუხაროდ, ეს რამდენად მართალია, ვერ გადავამოწმეთ,მაგრამ ეს ჩვენი თვალით უნდა ვნახოთ". - ამბობს გოლეთიანი. 

ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეები მთელი ღამის განმავლობაში რიონის ხეობაში აქციას მართავდნენ. მათ გზა გადაკეტეს და რკინის ჯებირებზე ხელების რტყმით პროტესტს გამოხატავდნენ. 

27 მაისს, შსს-მ სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. უწყების განცხადებით, "დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები".


ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები თბილისში 23 მაისს ჩამოვიდნენ და საპროტესტო აქციებსა და მსვლელობებს 4 დღის განმავლობაში მართავდნენ.

აქტივისტების მთავარ მოთხოვნებს შორის არის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება:

  • კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ. გაწყდეს ყველა ხელშეკრულება, რომელიც კომპანია ენკაზე ნამოხვანჰესთან დაკავშირებით 2015 წლის შემდეგ დაიდო.
  • გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა მოსახლეობის აზრი ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით იყოს გათვალისწინებული. გოლეთიანის განმარტებით, მორატორიუმი საჭიროა, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო პრაქტიკის და მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
  • აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის


რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

კომენტარები