ნამახვანჰესი

გოლეთიანი: მივდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ საჭირო გახდა, აქ ბრძოლას არ გავაგრძელებთ

ვარლამ გოლეთიანი
ტაბულა

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დღეს, 26 მაისს, რიონის ხეობაში ბრუნდებიან. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ "თუ საჭირო გახდება", ისინი თბილისში საპროტესტო აქციებს კვლავ გამართავენ.

"ჩვენ მივდივართ აქედან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აქ აღარ ჩამოვალთ და, თუ საჭირო გახდება, აქ არ გავაგრძელებთ ბრძოლას.  

[...] ჩვენ მივდივართ ბრძოლის წინა ხაზზე, სულ ცოტა ხანში დავიძრებით და ვიდგებით იქ, ვიდრე ეს პრობლემა არ გადაწყდება და მთელი საზოგადოება, ვინც დღეს თუნდაც არ იცის, რომ ჩვენ მართლები ვართ ამ ბრძოლაში და შეიძლება გახდა იმ სპეკულაციების მსხვერპლი, რასაც ისმენენ სოციალური თუ სატელევიზიო მედიიდან, ისინიც კი გაიგებენ, რომ ჩვენ ვართ მართალი ამ ბრძოლაში". – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.  

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები თბილისში 23 მაისს ჩამოვიდნენ და საპროტესტო აქციებსა და მსვლელობებს 4 დღის განმავლობაში მართავდნენ.

აქტივისტების მთავარ მოთხოვნებს შორის არის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება:

  • კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ. გაწყდეს ყველა ხელშეკრულება, რომელიც კომპანია ენკაზე ნამოხვანჰესთან დაკავშირებით 2015 წლის შემდეგ დაიდო.
  • გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა მოსახლეობის აზრი ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით იყოს გათვალისწინებული. გოლეთიანის განმარტებით, მორატორიუმი საჭიროა, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო პრაქტიკის და მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
  • აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

კომენტარები