ნამახვანჰესი

თურნავა ნამახვანზე: არ უნდა გასცდეს ენერგეტიკაზე საუბარს და გადავიდეს რადიკალიზმში

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ნამახმანჰესის პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლება მზადაა "საგნობრივი დიალოგისთვის". თურნავას თქმით, ეს დიალოგი არ უნდა გასცდეს პროექტს და ენერგეტიკის დარგზე საუბარს და გადავიდეს რადიკალიზმში. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"კვლავ ვადასტურებ, რომ შექმნილია ძალიან კარგი, საქმიანი პლატფორმები, სადაც ასეთი ტიპის საკითხები უნდა ირჩეოდეს, განიხილებოდეს ექსპერტების თანდასწრებით, ესაა ექსპერტთა საბჭოს შექმნის მოწოდება და ყველა კვლევის განხილვა, ესაა საერთაშორისო მედიატორები და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიატორის ჩართულობით პლატფორმა.

ასევე, ნებისმიერი შტო ჩვენი ხელისუფლების მზადაა, კონკრეტულად, საქმიანად, სამუშაო ჯგუფებში, კონკრეტულ ექსპერტებთან ნებისმიერი საკითხი განიხილოს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან გაჭირდება ქუჩაში ბლოკირებით, პარალიზებით და ა.შ, რაც ტურისტების მოლოდინში, ეკონომიკის გახსნის მოლოდინში არის აბსოლუტურად მიუღებელი". – ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია მესამე დღეა, იმართება. გუშინ, 24 მაისს აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ და იუსტიციის სახლის მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტეს. საპროტესტო აქცია 23 მაისს დაიწყო. დღეს, 25 მაისს 16:00 საათიდან აქტივისტები მსვლელობას კვლავ გამართავენ და ორგანიზატორების თქმით, თბილისის მნიშვნელოვანი ადგილების პიკეტირებას მოახდენენ.

პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა  ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დრო 24 მაისს 12:00 საათამდე მისცა, თუმცა ხელისუფლებასთან შეხვედრა არ შედგა.

აქტივისტების მთავარ მოთხოვნებს შორის არის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება:

  • კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ. გაწყდეს ყველა ხელშეკრულება, რომელიც კომპანია ენკაზე ნამოხვანჰესთან დაკავშირებით 2015 წლის შემდეგ დაიდო.
  • გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა მოსახლეობის აზრი ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით იყოს გათვალისწინებული. გოლეთიანის განმარტებით, მორატორიუმი საჭიროა, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო პრაქტიკის და მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
  • აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

კომენტარები