რამან პრატასევიჩის დაკავება

ბაიდენი პრატასევიჩზე: ვუერთდებით მისი გათავისუფლების მოთხოვნას

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბელარუსში Ryanair-ის რეისის დაძალებით დაშვებასა და რამან პრატასევიჩის დაკავებას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. 

განცხადებაში ბაიდენი უერთდება საქმის საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნას და გმობს ბელარუსის მთავრობის ქმედებას. ასევე, მან ახსენა პრატასევიჩის აღიარების ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, ზეწოლის ქვეშ ჩაიწერა და თქვა, რომ კმაყოფილია ევროკავშირის მიერ ბელარუსისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილებით.

"ბელარუსის მიერ Ryanair-ის ფრენის, რომელიც ევროკავშირის ორ ქვეყანას შორის მოგზაურობდა, კურსის დაძალებით შეცვლა და რამან პრატასევიჩის, უცხოეთში მიმავალი ბელარუსი ჟურნალისტის, დაკავება საერთაშორისო ნორმების პირდაპირი შეურაცხყოფაა. ამერიკის შეერთებული შტატები, შესაძლო მკაცრი პირობებით, გმობს როგორც თვითმფრინავის კურსის შეცვლას, ასევე, ამას შემდეგ ბატონი პრატასევიჩის გამოყვანასა და დაკავებას. ეს შემაშფოთებელი ინციდენტი და ვიდეო, რომელიც ბატონ პრატასევიჩს, როგორც ჩანს, ზეწოლის ქვეშ გადაუღეს, არის სამარცხვინო თავდასხმები განსხვავებულ პოლიტიკურ აზრსა და პრესის თავისუფლებაზე. აშშ უერთდება მსოფლიოს ქვეყნებს, რომლებიც მის და მასთან ერთად, ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ უსამართლოთ დაკავებულ ასობით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

ვუერთდები მრავალ მოთხოვნას საერთაშორისო გამოძიების შესახებ, რათა ამ საქმის ფაქტები სრულად მოვიპოვოთ. მივესალმები სიახლეს, რომ ევროკავშირი აპირებს წერტილოვანი ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და სხვა ზომების მიღებას. მათ ჩემს გუნდს რჩევა ჰკითხეს პასუხისმგებელ პირთა მიმართ განსახორციელებელ შესაბამის ქმედებათა შესახებ, რომლებიც შეთანხმებული იქნება ევროკავშირთან, სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

თვეების განმავლობაში, ბელარუსი ხალხი საკუთარ ხმას აჟღერებდა, ითხოვდნენ დემოკრატიას, ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და ძირითადი თავისუფლებების შენარჩუნებას. ტაშს ვუკრავ ძირითადი უფლებებისთვის მებრძოლ ბელარუსთა გამბედაობასა და მიზანდასახულობას, რამან პრატასევიჩის მსგავსი ჟურნალისტების, ასევე ოპოზიციის ლიდერების, სვეტლანა ტიხანოვსკაიასა და მისი ქმრის, სერგეი ტიხანოვსკის ჩათვლით. შეერთებული შტატები ამ გასაჭირში ბელარუსი ხალხის გვერდით დარჩება". – წერია აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში.


23 მაისს პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რამან პრატასევიჩი დააკავეს. ბელარუს ჟურნალისტთან და ოპოზიციონერ აქტივისტთან რამან პრატასევიჩთან ერთად მინსკში მისი მეგობარი გოგონა, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავეს.

თვითმფრინავის იძულებით დასმას და პოტასევიჩის დაკავებას აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.ევროკავშირმა ბელარუსს ასევე შეუჩერა 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი. უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს დიდ ბრიტანეთშიც. გაერთიანებულმა სამეფომ რომან პრატასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას საქმიანობის ნებართვა შეუჩერა.

გარდა ამისა ევროპული საბჭო ზომებს იღებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვისთვის.

რამან პრატასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პრატასევიჩი სტეფან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პროტასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პრატასევჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაშია შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რამან პრატასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები