ნამახვანჰესი

გოლეთიანი: მოვუწოდებთ ხალხს, 26 მაისს არა აღლუმზე, არამედ ჩვენთან მოვიდნენ

ვარლამ გოლეთიანი
ტაბულა

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, იუსტიციის სახლთან აქციაზე შეკრებილი ხალხი თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებს და იქიდან საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, აღლუმის ნაცვლად მათთან მივიდნენ.

"მეგობრებო, ჩვენ ახლა დავიძრებით თავისუფლების მოედანზე და იქ შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ 26 მაისი არის ჩვენი დღე და მოვუწოდებთ მთელ საზოგადოებას იქიდან, რომ 26 მაისს არ უნდა მივიდეს იმ აღლუმზე, არამედ უნდა მოვიდეს ჩვენთან და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და ერთხელ და სამუდამოდ შევიგრძნოთ ნამდვილი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი, არა მოჩვენებითი, არამედ ნამდვილი და ამ პროცესში მივიღოთ თითოეულმა ჩვენგანმა მონაწილეობა". – თქვა მან.

მეორე დღეა, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია იმართება. საპროტესტო აქცია გუშინ, 23 მაისს დაიწყო. პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა  ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დრო 24 მაისს 12:00 საათამდე მისცა.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა დაუკავშირდა და შეხვედრა შესთავაზა.  

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტების მიერ შეთავაზებული შეხვედრის ფორმატი არ არის კონსტრუქციულობის ჩარჩოში. კუჭავა ამბობს, რომ შეუძლებელია ეს საკითხები ასეულობით ადამიანთან ერთად იყოს განხილული. 

მთავარ მოთხოვნებს შორის არის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება:

  • კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ. გაწყდეს ყველა ხელშეკრულება, რომელიც კომპანია ენკაზე ნამოხვანჰესთან დაკავშირებით 2015 წლის შემდეგ დაიდო.
  • გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა მოსახლეობის აზრი ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით იყოს გათვალისწინებული. გოლეთიანის განმარტებით, მორატორიუმი საჭიროა, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო პრაქტიკის და მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
  • აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

კომენტარები