რამან პრატასევიჩის დაკავება

"ეს არის სახელმწიფოს დაკვეთილი გატაცება" – Raynair-ის დირექტორი რეისის იძულებით დაშვებაზე

მაიკლ ო'ლირი
newstalk

Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ ო'ლირის თქმით, ლუკაშენკოს ბრძანებით მინსკში ავიალაინერის იძულებით დაშვება და ბელარუსი ჟურნალისტის დაკავება "სახელმწიფოს დაკვეთილი მეკობრეობაა".

"ეს არის სახელმწიფოს დაკვეთილი გატაცება, სახელმწიფოს დაკვეთილი მეკობრეობა". – უთხრა ო'ლირიმ ირლანდიურ რადიოს.

მაიკლ ო'ლირის აზრით, თვითმფრინავის ბორტზე ბელარუსის KGB-ს წევრებიც იმყოფებოდნენ.

"როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანი იყო ჟურნალისტის და მისი კომპანიონის დაკავება. ვფიქრობთ, რომ აეროპორტში KGB-ს აგენტებიც დაეშვნენ". – თქვა ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

23 მაისს პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავი რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რომან პროტასევიჩი დააკავეს.

თვითმფრინავის იძულებით დასმას და პოტასევიჩის დაკავებას აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ევროკავშირის შეფასებით, ჟურნალისტის დაკავება ოპოზიციური ხმის ჩახშობის უხეში მცდელობაა. გაერთიანება პროტასევიჩის გათავისუფლებას მოითხოვს. ევროკავშირი ინციდენტს და მასზე საპასუხო მოქმედებებს ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე განიხილავს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა დაგმო "ლუკაშენკოს რეჟიმის თავხედური და შემაშფოთებელ ქმედება". ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, "სახიფათო ინციდენტის" გამოძიებაა საჭირო.

შემთხვევას გამოეხმაურა საქართველოც. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანახმად,  ჟურნალისტის დაკავება მიუღებელია, მრავალი საერთაშორისო ნორმა დაირღვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელარუსის მოვლენებს დაკავებული აქტივისტისა და ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის სახელის ხსენების გარეშე გამოეხმაურა.

რომან პროტასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პროტასევიჩი სტეფან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პროტასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პროტასევჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაშია შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რომან პროტასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები